
„მიხეილ სააკაშვილს განვიხილავ ჩემი, როგორც მოქალაქის მტრად. მის კისერზეა ამ ქვეყნაში ადამიანის უფლებების დარღვევების წყება, ღირსების შემლახავი სისტემების მშენებლობა ბევრი მიმართულებით“ – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
„მიხეილ სააკაშვილს განვიხილავ ჩემი, როგორც მოქალაქის მტრად. ის არის ჩემი მტერი და არის თითოეული თქვენგანის მტერი, ყველასი საკუთარი გარემოცვის გარდა, ვინც სარგებელს იღებდა მისი ავტორიტარული მმართველობის დროს. ასეა, რადგან ის იყო ქართული დემოკრატიის მტერი და მის კისერზეა ამ ქვეყნაში ადამიანის უფლებების დარღვევების წყება, ღირსების შემლახავი სისტემების მშენებლობა ბევრი მიმართულებით, იქნება ეს პენიტენციური სისტემა, პოლიციური სახელწიფო, სოციალური პოლიტიკა, ნარკოპოლიტიკა, შრომის პოლიტიკა და სხვა.
ეს ნამდვილად ასეა და ამ ყველაფრის გამო შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ რაც ახლა ჩვენს (კი, ჩვენს თავს, რადგან ჩვენ არ ვართ უბრალო მაყურებლები, ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და ვართ მონაწილენი ყველა პოლიტიკური პროცესის) თავს ხდება ამით სამართლიანობა ზეიმობს: სააკაშვილი ციხეშია, ნახევრად შიშველს დაათრევენ და საჯაროდ აჩვენებენ მის დაკნინებულ ყოფას. მაგრამ არა, სამართლიანობა ვისაც უყვარს მან იცის, რომ სამართლიანობის განცდის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ არის როდესაც მტერს დამარცხებულს, ბორკილდადებულს ხედავ.
დღეს მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს ეფექტურ კონტროლს ქვეშ არის, ის პატიმარი და უფლებააყრილია. პარალელურად ჩვენ ვუყურებთ როგორ იქცევა პოლიტიკური ხელისუფლება. მისი მოქმედება მოკლებულია ყოველგვარ თანაზომიერებას და ერთადერთ მიზნად მსჯავრდებულის დამცირება გაუხდია. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერს სამართლიანობასთან რამე კავშირი აქვს, პირიქით ვფიქრობ. ამ საქმეში სამართლიანობა ყოველ წუთს მარცხდება, მარცხდება მაშინ, როდესაც პერსონალური ინფორმაციის შემცველ კადრების მდარე სერიალს გვაყურებინებენ, მარცხდება მაშინ, როდესაც პატიმრის ემოციური ტანჯვისგან სიამოვნებას იღებენ და მაშინაც მარცხდება, როდესაც განსასჯელს საკუთარ სასამართლოზე არ ასწრებენ
.
უკვე დიდი ხანია ქართული ოცნებაც გვმტრობს მისი დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და ვეჭვობ მათაც ეს ბედი ელით რასაც მიხეილ სააკაშვილი აწიეს და ესეც ისეთივე ტრაგედია იქნება როგორც დღევანდელი.
ერთადერთი რისი თქმაც მინდა: ამ ქვეყნის მოქალაქეები ამ ყველაფერს არ ვიმსახურებთ“, – წერს ვახუშტი მენაბდე.























