
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში იღებს საკვებს, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით.
„გიდასტურებთ, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა, გარკვეული პერიოდია, დაიწყო მიღება საკვები დანამატების, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით, ასევე, კონკრეტული დანიშნულების ნატურალური წვენების. ეს პერიოდი, მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე. ის იღებს ყველა იმ საკვებ დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის“, – განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი უწყების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მსჯელობის საგანია.
„რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, ამაზე ჯერჯერობით პასუხს ცალსახად ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რაზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს“, – აღნიშნა ნიკა ცხვარაშვილმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი გარკვეული სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს. იუსტიციის მინისტრის განცხადებას მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დილიდანვე უარი თქვა წვენზე, მინერალზე და ვიტამინებზე.























