
„უკრაინა მოკავშირეს და რუსეთის მტერს კარგავს, სააკაშვილმა კი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია“ – ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა OBOZREVATEL.com აქვეყნებს.
სტატიის ავტორის, ვიტალი ტისიაჩნის ფიქრობს, რომ რეფორმების კომიტეტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, სამშობლოში არაერთგზის გასამართლებული დანიშვნის გამო უკრაინა დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა.
საერთაშორისო საკითხების ექსპერტის, იულია ოსმოლოვსკაიას განცხადებით, თბილისის ასეთი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. მისივე თქმით, შექმნილი ვითარება რუსეთის პირდაპირ ინტერესებში შედის.
„საქართველო და უკრაინა ნატოსა და ევროსტრუქტურების მიმართულებით სინქრონულად მიდიან. ორ ქვეყანას შორის ასეთი დაძაბულობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურებზე კოლექტიური ზეწოლის შესაძლებლობას ამცირებს, რაც რუსეთისა და მისი პოლიტიკისთვისაა სასარგებლო“, – აცხადებს იულია ოსმოლოვსკაია.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოცემის წყაროს განცხადებით, სააკაშვილის დანიშვნით ვოლოდიმირ ზელენსკი „მთავრობაში ტონუსის შენარჩუნებას“ ცდილობს და ამისთვის საუკეთესო საშუალება რეფორმების კომიტეტში მისი დანიშვნაა, ვინაიდან ამ ორგანოს არანაირი რეალური პასუხისმგებლობა არ აქვს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ სააკაშვილი მთავრობის მუშაობაზე არაფორმალურ, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ღია კონტროლს დაამყარებს, რაც მოდუნების საშუალებას არ მისცემს პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს.
ამიტომ სააკაშვილის დანიშვნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში ჯერჯერობით არც თუ ისე ბევრი პოზიტიური მომენტია. ერთი მხრივ, მისი თანამდებობა სიმბოლურია და რეფორმებზე ზეგავლენის არანაირი მექანიზმებს არ ითვალისწინებს. მეორე მხრივ, უკრაინამ საქართველოსთან კონფრონტაცია მიიღო.
ტრაგედიას ამას ვერ ვუწოდებთ, თუმცა ამაში არც პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური დივიდენდები ჩანს. რეგიონში რუსეთის აქტიურობის გათვალისწინებით, პატარა, მაგრამ მეგობრული ქვეყნის მხარდაჭერის დაკარგვა ალოგიკური გადაწყვეტილებაა“, – წერს სტატიის ავტორი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
ელჩის გამოძახების მიზეზი მიხეილ სააკაშილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნა გახდა.






















