
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციელმა, რომელიც აქამდე დუმილის უფლებას იყენებდა, დუმილი დაარღვია.
თელავის რაიონულ სასამართლოში, ნაფიცმსაჯულთა წინაშე, ვანო ზანდარაშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვლილი, ზურაბ საჩიშვილი, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვას სთხოვდა.
ზანდარაშვილმა ბრალდების მხარე ამ კონკრეტული მტკიცებულების დამალვაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ პროკურატურამ ეს ინფორმაცია საქმეს არ დაურთო და ის, სასამართლომაც, დაუშვებლად ცნო.
ბრალდებულმა აღნიშნა, რომ საჩიშვილი ამ ფაქტით გაღიზიანებული იყო და მკვლელობის ღამეს, მის პატივსა და ღირსებას შეურაცხყოფდა.
ბრალდებულის დაცვის მხარე ამტკიცებს იმასაც, რომ საქმის ოქროს მოწმე, ლევან ბერძენაშვილი, მერიის თანამშრომელია და პროკურატურასთან ერთობლივი ინტერესის გამო, ზანდარაშვილს ბრალი დაუმძიმდა.
ლევან ბერძენაშვილმა, რომლის ჩვენება „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხს სასამართლოზე გასცემს.
გარდაცვლილის ნეგატიური კუთხით წარმოჩენის მცდელობას, სამედიცინო საზოგადოება უარყოფითად შეხვდა.
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ამჟამინდელი დირექტორის, ზურაბ კვაჭანტირაძის განმარტებით, საჩიშვილი, ყველაზე უკონფლიქტო პიროვნება იყო და მისი მხრიდან ვინმეს მკვლელობისათვის პროვოცირება შეუძლებელი იყო.
„ზურა ყველაზე მშვიდობიანი და უკონფლიქტო ადამიანი იყო ჩვენს შორის. ვინმეს რომ რამე სადაოც ჰქონოდა, ისე მშვიდობიანად მოაგვარებდა, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა. არ მეგულება უფრო კეთილშობილი და წესიერი ადამიანი. ჯერ მარტო იმდენი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, არავის რომ არ გაუგია და ჩვენს შორის დარჩა. მისი ცუდად წარმოჩენის მცდელობა, სამედიცინო პერსონალის შეურაცხყოფაა“,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.
„ზურა იყო ყველაზე თავდადებული კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკონფლიქტო სამსახურებრივ ურთიერთობებში და წარმოუდგენელია, მას ვინმე ასე გაეღიზიანებინა“,- განაცხადა თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ჯღუთაშვილმა.
პროცესები თელავის რაიონულ სასამართლოში, ყოველდღიურად ჩატარდება, რის შემდეგაც 12-მა ნაფიცმსაჯულმა ვერდიქტი უნდა გამოიტანოს.
შეგახსენებთ, მკვლელობა 2020 წლის 25 დეკემბერს, სოფელ იყალთოს ცენტრში მოხდა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, საავადმყოფოს დირექტორს შურისძიების მოტივით, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზურაბ საჩიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























