
საბერძნეთში მუშაობის ხუთკვირიანი შეჩერების შემდეგ სილამაზის სალონები ისევ გაიხსნა. დაწესებულებები იმუშავებს სპეციალური გრაფიკით, დილის 07:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.
აუცილებელია, რომ როგორც წიგნების მაღაზიების, ასევე, სილამაზის სალონის სტუმრობისას გააგზავნოთ ციფრი 2 ნომერზე 13033.
გადაადგილების აკრძალვა მოქმედებს 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.
განვითარების მინისტრის მოადგილის, ნიკოს პაპათანასის განცხადებით, მაღაზიებში Click Away-ს გზით ვაჭრობა რომ მოხდეს უსაფრთხოდ, საჭიროა, პროფესიონალიზმი და კლიენტთან თანამშრომლობა.
თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და დაიცვას მიღებული წესები და კანონები.
აღსანიშნავია, რომ 13 დეკემბერს საბერძნეთში ინფიცირებულთა საკმაოდ დაბალი რიცხვი დაფიქსირდა, რაც ექსპერტებს გარკვეულ იმედს აძლევს.
სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სადღესასწაულო პერიოდში მოდუნება არ შეიძლება და თუკი შობა-ახალი წლის დღეებში მოსახლეობა მკაცრად არ დაიცავს წესებს, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემას მესამე ტალღასთან მოუწიოს გამკლავება.























