
რამდენიმე თვის წინ, გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა. თუმცა, ამ დრომდე მსაჯულთა შერჩევა ვერ მოხერხდა.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, ოქტომბერში შერჩევა დასრულდება და სავარაუდოდ, 14 ნოემბრისთვის საქმის განხილვა დასრულდება.
„მერაბ კობიაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს ნაფიც მსაჯულთა შერჩევა. ამ ეტაპზე შერჩეული გვყავს 13 მსაჯული, დაგვრჩა – ერთი. ვინაიდან საქმეში 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯული უნდა იყოს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ოქტომბრის თვეში დავასრულებთ შერჩევას და პირველი ნოემბრიდან საქმის განხილვას დავიწყებთ და ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდიდან დაახლოებით ორ კვირაში, სადღაც 14 ნოემბრისთვის საქმის განხილვას დავასრულებთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს უტყუარი ვიდეო მტკიცებულებები, რომლითაც არა თუ ეჭვი ჩნდება, მართლაც უტყუარად დასტურდება, მერაბ კობიაშვილის აბსოლუტური უდანაშაულობა. ბრალდების მხარეს არანირი შანსი არ გააჩნია, რომ მიაღწიოს ბრალდების დამტკიცებას. ბრალდება დაუსაბუთებელია. ისეთი მოწმეების ჩვენებას ეფუძნება, რომლებიც აბსოლუტურად აცდენილია ვიდეო-ჩანაწერებს და ჭეშმარიტებას. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საქმე, ჩვენთვის, ადვოკატებისთვის, სადაც მივაღწევთ იმას, რომ ბრალდებული აუცილებლად გამართლდება,“ – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.
ადვოკატის განმარტებითვე, ფარული ჩანაწერებით, რომელებიც საქმეს დაერთო, დგინდება, რომ მერაბ კობიაშვილს არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.
„კონფლიქტი როდის და როგორ დაიწყო, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. ჩვენ დაცვის მხარე ვამბობდით, რომ ჩხუბი დაიწყო არა იმ დღეს, როდესაც გასროლები განხორციელდა არამედ, ბევრად უფრო ადრე. მერაბ კობიაშვილმა უბრალოდ დაიცვა ის ადამიანები, რომლებსაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სწორედ ამას მოყვა კონფლიქტი. ბრალდების მხარე ამბობდა, რომ თითქოს, ეს ჩვენი მოგონილი ვერსია იყო, რომელიც ადვოკატებმა მოვიფიქრეთ. თუმცა, საბედნიეროდ, ფარული ჩანაწერები, რომელებიც საქმეს დაერთო და ჩვენ გვაქვს შეტანილი მტკიცებულებათა ნუსხაში იმით დგინდება, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით სიმართლე აღმოჩნდა. შესაბამისად, ნაფიცი მსაჯულები ძალიან კარგად დაინახავენ, რომ მერაბ კობიაშვილს არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.
პირიქით, მან საოცარი მოთმინება გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მას სხვადასხვა დაზიანებები მიაყენეს. სცემეს, იძალადეს, აფურთხეს. დაახლოებით 5-10 ადამიანამდე აკეთებდა ამას. მას შეეძლო შური ეძია, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. მან მაინც გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა და მის მიმართ, მაინც თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც, თავად მერაბ კობიაშვილიც დაიჭრა.
სამწუხაროდ, ბრალდების მხარე ამ ფაქტებს საერთოდ აიგნორებს. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, ღირსეული ადამიანები, რომლებიც ვენ შერჩეული გვყავს ნამდვილად დაინახავენ ჭეშმარიტებას და მერაბ კობიაშვილს, ამ ვაჟკაც ადამიანს, რომელიც სამშობლოს იცავდა ნაფიცი მსაჯულები გაამართლებენ,“ – განგვიცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- ერთ-ერთი ძებნილი ოჯახს და ადვოკატს დაუკავშირდა – ახალი დეტალები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში






















