
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 26-ით გაიზარდა. როგორც დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე თქვა, 26 ახალი შემთხვევიდან 4 ე.წ. „საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება.
ამ კლასტერიდან ოჯახის 7 წევრი იყო დაინფიცირებული, ახლა ამ კლასტერის საერთო რიცხვი 11-ია.
გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ კლასტერის 50 კონტაქტი უკვე გამოკვლეულია.
მისივე თქმით, სავარაუდოდ ინფიცირების პირველწყარო მისი კოლეგაა.
„ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ უნდა იყოს ჩემი კოლეგა.
მიმდინარეობს დაზუსტება ჩემი კოლეგა არის პირველწყარო თუ მისი ოჯახის წევრი. პანიკის არავითარი საფუძველი არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
























