
საჩხერის საავადმყოფოს 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება. დაინფიცირებულთა შორისაა ინფექციონისტი, რომელიც საჩხერის მერის მეუღლეა.
„დღეისათვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში არის ვირუსით ინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევა. ერთ-ერთის პასუხი გუშინ საღამოს მივიღეთ. სამივე თავს კარგად გრძნობს და მიმდინარეობს მათი მკურნალობა. ერთ-ერთი არის ჩვენი თანამშრომელი.
რაც შეეხება ეკიპირებას, მარაგი დიდია. ექიმები პაციენტებთან ყოველთვის ეკიპირებული შედიან. ახლა ვიკვლევთ, საიდან შეიძლება დაინფიცირებულიყო ექიმი“, – ამბობს მიხეილ ქამუშაძე.
ამ ეტაპისთვის უცნობია, როგორ დაინფიცირდა საჩხერის მერის მეუღლე. თავად მერი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო. საჩხერის მერს კორონავირუსზე ტესტს დღეს აუღებენ.
- დღეს საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.
- ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















