
ძაღლი, რომელიც ბორჯომში მე-12 სართულიდან გადმოაგდეს ამ დროისთვის თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ძაღლის მდგომარეობა სტაბილურია და მას გუშინ ოპერაციაც ჩაუტარდა.
ოპერაციის შედეგად ძაღლის მუცლიდან დაღუპული 8 ლეკვი ამოიყვანეს და მას სტერილიზაციაც ჩაუტარეს.
„საკმაოდ დიდია ამ ძაღლის შესახებ ინტერესი. როგორც იცით ეს ძაღლი გადმოაგდეს მე-12 სართულიდან. გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია კლინიკა „ობოში“. იყო ორსულად და რვავე ლეკვი დაეღუპა. გარდა ამისა არის მოტეხილი ბარძაყის ძვალი, რომელზეც ჩაუტარდება ხვალაც ოპერაცია.
მაქსიმალურად ვზრუნავთ, რომ მალე მოხდეს მისი გამოჯანმრთელება. უამრავი ადამიანი რეკავს და გვწერს ამ ძაღლის შესახებ, ამიტომ შეგიძლიათ ნახოთ ის როგორ მდგომარეობაშია ახლა.
ამ ძაღლს ჰყავს პატრონი… მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მთავარია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 31 წლის მამაკაცი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს, სადაც განმარტეს, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მომპყრობის ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო.
Gepostet von Tamaz Elizbarashvili dog shelter am Freitag, 10. April 2020






















