
“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული არასრულწლოვანი ტრანსგენდერი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ქუჩაში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლიც იყო, ამის გამო, მან სახლი დატოვა და მეგობართან ერთად ნაქირავებ ბინაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმირებული წყარო საუბრობს.
“ტრანსგენდერი მოზარდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, მასზე ძალადობდნენ, როცა მშობლებისთვის ცნობილი გახდა მისი სექსუალური ორიენტაცია. სწორედ ამიტომ, მან სახლი დატოვა და უარი განაცხადა მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე.
ის ბოლო 1 წელია მეგობართან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. როცა სოციალურმა მუშაკმა მას ოჯახური ტიპის დაწესებულებაში გადასვლა შესთავაზა, უარი განაცხადა. ახლა კი, ქუჩაში უცხო მამაკაცების მხრიდან ისევ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.” – ამბობს წყარო.
“პრაიმატიმი” დაინტერესდა ჩართულები არიან თუ არა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები ტრანსგენდერი მოზარდის საქმეში და რა როლს ასრულებენ არასრულწლოვნის უფლებების დაცვის ნაწილში, ამიტომ უწყებას დავუკავშირდით, სადაც აცხადებენ, რომ:
“სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო აღნიშნულ არასრულწლოვანთან მიმართებაში ჩართულია მიმდინარე წლის დასაწყისიდან. მოზარდი იღებს სააგენტოს შესაბამის სერვისებს. არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლობას ახორციელებს ოჯახი.
ამჟამად კი, არასრულწლოვნის მიმართ უცხო პირის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტის გამო, შსს-ს მომართვის საფუძველზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 50-ე მუხლის „დ“-ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა საპროცესო წარმომადგენლობა არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესში.” – განმარტავენ უწყებაში.
მოზარდი სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში თავისი სურვილით არ იმყოფება, რადგან არასრულწლოვნებს 10 წლიდან სპეციალური დადგენილების საფუძველზე აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება, ჩაერთონ თუ არა სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში.
აღნიშნულის გამო, მოზარდმა ტრანსგენდერმა უარი განაცხადა სოციალური მუშაკის შეთავაზებაზე და მან დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა.
ცნობისთვის, თბილისში არასრულწლოვან ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საცხოვრებელი სახლიდან აფთიაქში მიდიოდა.
“პეკინზე მივდიოდი, აფთიაქის წინ, ჩემთან მოვიდა ერთი კაცი, რომელსაც ეჭირა საეკლესიო ყუთი და მოწყალებას ითხოვდა, როდესაც დამინახა დამიწყო გინება და შეურაცხყოფის მოყენება. დამარტყა კისერში და ყბის მიდამოში. მეორემ კიდევ წიხლი ჩამარტყა წელში, შემდეგ გზაზე გადამაგდეს და ტელეფონი დამილეწეს”, – ამბობს დაზარალებული.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სხეულზე დაზიანებები აქვს. გარდა ამისა, ტრანსგენდერ მოზარდს ტელეფონი, ჩანთა და საფულე მოპარეს. ამის შემდეგ კი თავდამსხმელები ადგილიდან გაიქცნენ.
დაზარალებული არასრულწლოვანი პოლიციაში, დაკითხვაზე გადაიყვანეს. შსს-მ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
როგორც დაზარალებულის მეგობარი, აქტივისტი მადონა კიპაროიძე ამბობს, არასრულწლოვან ტრანსგენდერ ქალს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ შემდეგ კი სცემეს. მისი თქმით, თავდამსხმელები დაახლოებით 20-25 წლის ბიჭები იყვნენ.






















