
ბლოკ-პოსტები თელავში, ოთხ ლოკაციაზე – გომბორის, ყვარლის, გურჯაანისა და ახმეტის მიმართულებით განთავსდება.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ბლოკ-პოსტების მშენებლობას ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა დაიწყებს.
„სამხედრო ნაწილი უკვე მზადაა და დაიწყებს ბლოკ-პოსტების მშენებლობას. პოსტებზე სამხედრო ექიმები განთავსდებიან, რომლებიც შემსვლელ-გამსვლელს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. სხვა არანაირი შეზღუდვის დაწესებას ეს პოსტები არ ემსახურება. კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, მაგრამ ეს ერთიანი ფილტრის ნაწილი იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თერმოსკრინინგის შედეგად, ბლოკ-პოსტზე გამოვლენილ საეჭვო შემთხვევებს, კახეთის სამ საავადმყოფოში გადაიყვანენ და შესაბამის ანალიზს ჩაუტარებენ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბლოკ- პოსტები, მოქალაქეების თერმო-სკრინინგისათვის, თელავსა და ახლციხეშიც გაიხსნება.
ნახეთ, საქართველოს ქალაქები, სადაც საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყობა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















