
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვებიდან მალევე პოლიტიკური სივრციდან გაქრა, ეს იმ ფონზე, როცა მერაბიშვილი საზოგადოებას საპატიმროს დატოვების დღესვე „ხელისუფლების დამხობას“ ჰპირდებოდა.
ფრაზა ვანო მერაბიშვილის განცხადებიდან: „გაძლევთ გარანტიას, 2020 წლის ბოლომდე ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება“.
წესით, ამ რადიკალური განცხადების შემდეგ, მერაბიშვილი პოლიტიკურად უნდა გააქტიურებულიყო, თუმცა როგორ კულუარებში ამბობდნენ, მისი ფაქტორი „ნაციონალური მოძრაობისთვისა“ და მისი განაყოფი „ევროპული საქართველოსთვის“ მძიმე ტვირთი აღმოჩნდა და სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ მერაბიშვილს არც ერთ პარტიაში.
რატომ დისტანცირდა პოლიტიკიდან ვანო მერაბიშვილი და რა გახდა ამის მიზეზი, „პრაიმტაიმმა“ ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად მერაბიშვილთან სატელეფონო ხაზზე გასვლა ვერ შეძლო, თუმცა აღნიშნული შეკითხვებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ მის ყოფილ თანაგუნდელებს მივმართეთ.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რატომ აღარ ჩანს ექსმინისტრი პოლიტიკურ ველზე.
„რატომ აღარ ჩანს ვანო მერაბიშვილი, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ეს მისი გადაწყვეტილებაა. მე მასთან დიდი ხანია კონტაქტი არ მქონია. იმყოფება თუ არა საქართველოში, არც ამაზე მაქვს ინფორმაცია“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
მერაბიშვილთან დაკავშირებით, ინფორმაციას არც დიმიტრი შაშკინი ფლობს.
„მერაბიშვილთან დაკავშირებით, არ მაქვს ინფორმაცია. ყველაფერი თვითონ უნდა თქვას, სხვის ნაცვლად მე ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილება მიიღო“,- გვითხრა შაშკინმა.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა: მათ შორისაა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ მიშა მიყვარხარ! – ბუბა კიკაბიძე
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓
























