12:58 | 2020-03-23 ავტორი: Prime Time

სად ისურვებდით ყოფნას: ნიდერლანდებსა თუ საქართველოში?! – ბრიტანელი ანალიტიკოსი

სად ისურვებდით ყოფნას: ნიდერლანდებსა თუ საქართველოში?! – ბრიტანელი ანალიტიკოსი

„ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის“ წარმომადგენელი, ბრიტანელი ანალიტიკოსი ალექსანდერ სქივენერი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს სამაგალითო ქვეყნად ასახელებს და ამ თემაზე ვრცელ სტატიას Intellinews-ზე აქვეყნებს.

 

ანალიტიკოსი პარალელს ავლებს ნიდერლანდებთან, რომელიც ჯანდაცვის უსაფრთხოების გლობალური ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, საქართველო კი 42-ზე.

 

„შედარება აჩვენებს, რომ კრიზისის პერიოდში სიმდიდრე არ არის ეფექტიანი პოლიტიკის გარანტი“, – წერს სქივენერი და სტატიის დასაწყისშივე სვამს კითხვას – რატომ აღწევს საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით წარმატებას, როდესაც მრავალი დასავლური ქვეყანა მარცხდება ამ ბრძოლაში.

 

„კრიზისის დაწყებისთანავე, საქართველომ მიმართა მკაცრ ზომებს პრევენციისა და იმპორტირებული შემთხვევების გამოვლენისთვის. ისინი ყველა ჩამოსულ მგზავრს მხოლოდ სიცხეს კი არ უზომავდნენ, არამედ აძლევდნენ მკაფიო ინფორმაციას და საკონტაქტო ინფორმაციას სიმპტომების გამოვლენის შემთხვევისთვის. ეს ზომები საკმარისად ეფექტიანი იყო იმისთვის, რომ საქართველოში დაავადების პირველი შემთხვევა საზღვარზე გამოვლინდა. ისინი სწრაფად გადავიდნენ შემდგომ ეტაპზე და შეზღუდეს ცნობილი ცხელი წერტილებიდან მგზავრების მიღება, რაც საქართველოს ტურიზმის მზარდ ინდუსტრიას ძვირი დაუჯდა და ზოგადად, მათ ბევრ დასავლურ ქვეყანაზე ბევრად ადრე მიმართეს ისეთ აქტიურ ზომებს, როგორიცაა საზოგადოებრივ ადგილებში ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესება. მთავრობამ ასევე შექმნა სპეციალური ვებ-გვერდი და საზოგადოებისთვის მართავდა რეგულარულ და მკაფიო ბრიფინგებს, რომლებიც ასახავდა საერთაშორისო მეცნიერულ მოსაზრებას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. საქართველოს კულტურისთვის, რომელიც ცნობილია დღესასწაულებისადმი სიყვარულით და ემოციურობით, სოციალური დისტანცირება ბუნებრივი არ ყოფილა. თუმცა, დაავადების შიშმა სწრაფად გამოიწვია ქცევის ფართო ცვლილება. როდესაც დანარჩენ ევროპაში კრიზისის ესკალაცია მოხდა, საქართველომ დახურა თავისი საზღვრები და განახორციელა სოციალური დისტანცირების ძლიერი ზომები, დახურა ყველა რესტორანი, ბარი და მაღაზია, გარდა სასურსათო მაღაზიების, ბანკების, ბენზინგასამართი სადგურების, აფთიაქებისა და საფოსტო ოფისებისა. დღეს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა სრულად შეაჩერა და გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე სამთავრობო რეისისთვის დაუშვა. ეს ყველაფერი მოხდა ქვეყანაში, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ მომხდარა“, – ვკითხულობთ სტატიაში.

 

სტატიის ავტორი იქვე სვამს რიტორიკულ კითხვას – მასშტაბური კრიზისის ფონზე, სად ისურვებდით ყოფნას: ნიდერლანდებსა თუ საქართველოში?!

ავტორი: Prime Time

X