
მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს ხმამაღლა არასდროს აფიქსირებს, შესაბამისად, მისი გამოჩენა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ცნობილმა მანდილოსანმა შეხვედრაზე გადაღებული ფოტო სოციალური ქსელის პირად გვერდზეც გაავრცელა, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად არის გადაღებული.
“პრაიმტაიმი” დალი ჩიტალაძეს დაუკავშირდა.
– ქალბატონო დალი, მხარს “ქართულ ოცნებას” უჭერთ?
– ყველას აქვს საკუთარი არჩევანი. მე ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობას ყოველთვის ვიხდი, დავდივარ არჩევნებზე, 2012 წელს “ქართულ ოცნებას” მივეცი ხმა.
იმ პერიოდიდან მხარს ვუჭერ “ქართულ ოცნებას” და ვაპირებ მომავალშიც მათ მივცე ხმა.
არასოდეს დავუპატიჟებივარ პოლიტიკურ პარტიას მსგავს პრეზენტაციებზე, ამიტომ როდესაც მიმიწვიეს, სასიამოვნო იყო. მე ვუჭერ მხარს “ოცნებას”, მეტი არაფერი.
პოლიტიკურ დებატებში რომ ჩაერიო, სპეციალური განათლება გჭირდება. მე ჩემი შეხედულება მაქვს და როგორც რიგითი მოქალაქე ამ გუნდის მხარდამჭერი ვარ.
– პირად გვერდზე გაავრცელეთ პრემიერ-მინისტრთან გადაღებული ფოტო, პირველად შეხვდით მას?
– პირველად შევხვდი გიორგი გახარიას და ამ ფოტოთი დავაფიქსირე ჩემი სიმპათია. არაფერზე არ გვისაუბრია. კარგი გამარჯობა და პატივისცემა გამოვხატეთ ერთმანეთის მიმართ.






















