
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე რეკომენდაციებზე საუბრობს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ მის შვილს ახალი ვირუსის რაიმე სიმპტომი აქვს.
მისი თქმით, ყველა პედიატრიულმა კლინიკამ იცის, როგორ გამოავლინოს ვირუსის სიმპტომები. რაიმე საეჭვო შემთხვევის შემდეგ კი კლინიკა საჭირო ზომებს მიმართავს.
„ყველა პედიატრიულ კლინიკას აქვს რეკომენდაცია, როგორ უნდა გამოავლინოს საეჭვო შემთხვევა. საეჭვო შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ყველა კლინიკა უნდა დაუკავშირდეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ჩაატაროს სპეციალური გამოკვლევა საბოლოო პასუხისთვის. პასუხის მიღების შემდეგ პაციენტი უნდა გაიგზავნოს ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, სადაც მას გამოკვლევა ჩაუტარდება.
რაც შეეხება ბავშვების ინფიცირების შემთხვევებს, დაინფიცირებული პაციენტების მხოლოდ 2 პროცენტია 20 წელზე ქვემოთ, ხოლო ბავშვების შემთხვევაში, უფრო ნაკლებია დაინფიცირების შემთხვევები“,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
კითხვაზე, ახალი პაციენტი ჰყავთ თუ არა, კლინიკის დირექტორმა უპასუხა, რომ ახალი პაციენტი მათთან არ შესულა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. 29 თებერვალს რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა მოეწყო. ძირითადად პაციენტებს კი ინფექციურ საავადმყოფოში იღებენ.
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 45 064 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვი 3 044-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 89 073-მდე გაიზარდა, აქედან 80 026 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა.






















