14:42 | 2021-10-02 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა.

 

ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა.

 

„ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 14 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები: სავარაუდო „კარუსელი”, სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა.“ – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.

 

მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

 

12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17.72% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X