
კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) ბოლო მონაცემებით 1 წელიწადში (2018) გლობალურად კიბოს 18,1 მილიონი ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 10 მილიონამდე შემთხვევა გამოვლინდა.
ეს გახლავთ მსოფლიო მასშტაბის კვლევა კიბოს პოპულაციის შესახებ. პროგნოზი კი იმაზე მეტად საგანგაშოა, ვიდრე დღეს, კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხე.
ჯერ კიდევ 2014 წელს მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები პროგნოზირებდნენ, რომ უახლოეს 20 წელში კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 70%-ით გაიზრდება.
შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგნოზი ყოველწლიურად მართლდება და მსოფლიოში ყოველ მომდევნო წელიწადს კიბოს რეესტრი კატასტროფულად ფართოვდება – მინიმუმ 1 მილიონით მეტი ახალი შემთხვევა.
- ასევე უნდა იცოდეთ → დასახელდა საქართველოში 10 ყველაზე გავრცელებული დაავადება
მაგალითად, 2008 წლიდან 2012 წლამდე კიბოს მაჩვენებელი 8 მილიონიდან 12 მილიონამდე გაიზარდა. გლობალური მასშტაბით ბოლო კვლევა 2018 წლის მონაცემებს ასახავს, თუმცა არსებული დინამიკით თუ ვიმსჯელებთ, ამჟამად მსოფლიოში კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 20 მილიონს აღწევს.
კიბოთი გარდაცვალების შემთხვევათა 70% დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში აღირიცხება.
ამ კვლევით ირკვევა, რომ:
- მსოფლიოში ყოველი ხუთი მამაკაციდან ერთს და ექვსი ქალიდან ერთს სიცოცხლეში ოდესმე უვლინდება ონკოლოგიური დაავადება, ხოლო 8 მამაკაციდან ერთი და 11 ქალიდან ერთი კვდება სწორედ ამ დაავადებებით.
- 2018 წელს ფილტვის, ძუძუს და კოლორექტული კიბო სამი ყველაზე მაღალი ინციდენტობის მქონე ონკოლოგიური დაავადება იყო გლობალურად – 2018 წელს ფილტვის კიბოს 2.1 მილიონი, ძუძუს კიბოს (ქალებში) ასევე 2.1 მილიონი,
- ერთი წლის განმავლობაში მსხვილი ნაწლავის კიბოს 1.8 მილიონი, პროსტატის კიბოს 1.3 მილიონი და კუჭის კიბოს ერთი მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სიკვდილიანობის მიხედვით, 2018 წელს ლიდერობდა ფილტვის კიბო (სიკვდილიანობის 1.8 მილიონი შემთხვევა), რომელსაც მოსდევდა კოლორექტული (სიკვდილიანობის 881 000 შემთხვევა), კუჭის (სიკვდილიანობის 783 000 შემთხვევა), ღვიძლის (სიკვდილიანობის 782 000 შემთხვევა) და ძუძუს კიბო (სიკვდილიანობის 627 000 შემთხვევა).
შემთხვევათა დაახლოებით ერთ მესამედში კიბოთი გამოწვეული სიკვდილი განპირობებულია რისკის ხუთი ძირითადი ფაქტორით, რაც ქცევას და კვებით რაციონს უკავშირდება:
სხეულის მასის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი.
ხილისა და ბოსტნეულის მოხმარების დაბალი დონე.
დაბალი ფიზიკური აქტივობა.
ალკოჰოლის მოხმარება.
თამბაქოს მოხმარება.
თამბაქოს მოხმარება რისკ-ფაქტორებს შორის უმნიშვნელოვანესია – არსებული შეფასებით, მასზე კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების 22% მოდის.
დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში კიბოს ახალი შემთხვევების 25% განპირობებულია ინფექციური აგენტებით, რომელთა შორის უმთავრესია ჰეპატიტი B და C-ს ვირუსები, ადამიანის პაპილომა ვირუსი და ჰელიკობაქტერია.
აღსანიშნავია, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების მხოლოდ ერთ მეხუთედს გააჩნია მონაცემები ონკოლოგიურ დაავადებათა სფეროში პოლიტიკის შესამუშავებლად.
მთელს მსოფლიოში ონკოთერაპია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული
პაციენტებს შესაბამის მკურნალობაში, რომელიც კომბინირებულ პრეპარატებს მოიცავს, უზარმაზარი თანხების გადახდა უწევთ, შესაბამისად წლიდან წლამდე იზრდება ფარმაცევტული ინდუსტრიის მოგება.
მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ონკოთერაპიისთვის საჭირო მედიკამენტებზე მუშაობენ, ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებენ.
Evaluate-ს მონაცემებით, კიბოს სამკურნალო პრეპარატების გაყიდვების მოგების მაჩვენებელი ფარმაინდუსტრიაში ნომერ პირველ ადგილზეა და მსოფლიო ბაზრის 14,3 პროცენტს იკავებს.
მხოლოდ 2018 წელს ამ კატეგორიის წამლების გაყიდვით კომპანიებმა 123,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი ნახეს.
წინასწარი შეფასებით, 2024 წელს გაყიდვების რაოდენობა გაორმაგდება და ფარმაინდუსტრიის ფინანსური სარგებელი 236 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.























