15:37 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

საგანგებო მდგომარეობის შესახებ სახელმწიფოს გადაწყვეტილება ეკლესიას არ ეხება – მიტროპოლიტი გერასიმე

საგანგებო მდგომარეობის შესახებ სახელმწიფოს გადაწყვეტილება ეკლესიას არ ეხება – მიტროპოლიტი გერასიმე

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა ეკლესიას არ ეხება.

 

მისივე თქმით, ზიარების წესის ცვლილება არ იგეგმება, თუმცა სიმპტომების მქონე ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

 

„პატარა ტაძრებს რეკომენდაცია მივეცით, რომ ნაწილი მრევლის იყოს გარეთ, აქვთ სივრცე და არის საშუალება, რომ შემდგომში გარე გახმოვანება გაკეთდეს. ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან გარეთ, ისევე მოისმენენ წირვას. ზიარების შემდეგ იქნება მონაცვლეობა. ეზიარება, ვინც შიგნითაა და გარეთ გამოვა, ვინც გარეთაა, შევა და ეზიარება.

 

ჩვენ ვიმიქმედებთ იმის მიხედვით, რა რეკომენდაციაც იქნება სახელმწიფოსგან დაშვებული. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ეკლესიას გააჩნია მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება და ყოველთვის იყო შესაძლებლობა იმისა, რომ წირვა-ლოცვა ყოფილიყო, არასდროს შეწყდება და ღმერთმა არ მოგვასწროს, რომ შეწყდეს, რადგან ეს არის წყვეტა ღმერთთან, ეს არის ძალიან დიდი საშინელება და უბედურება და ნიშანი მეორედ მოსვლისა, რასაც შეიძლება არ ველოდებოდეთ, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდგეთ.

 

წარმოგიდგენიათ ეკლესია, რომ მსახურება არ იყოს, წირვა არ იყოს? ადამიანი არ შევიდეს და სანთელი არ დაანთოს? უფლის არის ქვეყანა, სავსება მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მასში. მედიკოსებზე, სასულიერო პირებსა და ხელისუფლებაზე მეტად, მგონი ღმერთი ფიქრობს, ღმერთი, მრავალმოწყალეა და ყველადერს გააკეთებს, რომ სულიერი სიხარულით შევხვდეთ თითოელი ჩვენგანი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს,”- უთხრა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს.

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეკლესია კვლავ გააგრძელებს წირვა-ლოცვებს.

 

საკვირაო წირვა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით ჩატარდება – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„საკვირაო წირვა ახალი რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება და ეს რეკომენდაცია მრევლს შორის დისტანციის დაცვაა. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მრევლს ეს ავუხსნათ. ეს ზომა მიღებული არის გარკვეული მიზნის მისაღწევად. სრულიად ალოგიკურია, რომ 20 კვადრატულ მეტრში და ორიათასშიც ერთი რაოდენობის ადამიანზე იყოს საუბარი. მიზანი არის ის, რომ დისტანცია იყოს დაცული და თუ ეს შესრულდება, არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ“ – განაცხადა მამა ანდრიამ.

 

 

ავტორი: თეა შონია

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

მეუფე გრიგოლი - დაგვიკავშირდით და ჩვენი სამღვდელოება სახლში მოვა და იქ გაზიარებენ
2020-03-22მეუფე გრიგოლი - დაგვიკავშირდით და ჩვენი სამღვდელოება სახლში მოვა და იქ გაზიარებენ
                         
ევროპარლამენტიდანაც დამიკავშირდნენ, აწი ლოცვა თუ გადაგვარჩენსო - მეუფე იაკობი
2020-03-22ევროპარლამენტიდანაც დამიკავშირდნენ, აწი ლოცვა თუ გადაგვარჩენსო - მეუფე იაკობი

ავტორი: Prime Time

X