
საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალი” დახურული არ არის და ცხელების ცენტრში პაციენტების მიღება ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
ჰოსპიტალის ექთანს და მის კონტაქტებს დამატებითი კვლევა უტარდებთ, – ამის შესახებ კახეთის მხარეში, სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალის ექთანს, რომელიც ამავდროულად, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშიც მუშაობს, ტესტირება გაფართოებული კვლევის ფარგლებში ჩაუტარდა.
„გუშინ ჩატარდა კვლევა. აჩვენა დადებითი პასუხი, მაგრამ წინა შემთხვევიდან გამომდინარე, ჯერ ვერაფერს ვიტყვით.
მიმდინარეობს დამატებით კვლევა და ხვალ პასუხი გვეცოდინება,“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სავარაუდო დაინფიცირებულს პაციენტებთან შეხება არ ჰქონია.
„მას არ ჰქონდა შეხება პაციენტებთან. გამოკვლეულია ყველა კონტაქტი, ოჯახურიც და სამასახურებრივიც. გუშინ მასთან ერთად გაფართოებულ კვლევაში მონაწილე პირებს არ აღმოაჩნდათ კორონავირუსი. თუმცა, 30 მედიკოსს კიდევ ავუღეთ ანალიზი და გავაგზავნეთ.
მას და არცერთ ადამიანს მის გარშემო, სიმპტომები არ აქვს. ცხელების ცენტრი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას.
ვიცით, რომ ბოჭორიშვილის კლინიკაშიც იკვლევენ 21 თანამშრომელს,“- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალის მედდას, რომელიც ამავდროულად, ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს, psr კვლევით კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამჟამად, ექთანს დამატებით კვლევები უტარდება.
ავტორი:ხათუნა გულიაშვილი






















