
საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს იტალიური კომპანია ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მდებარე რკინიგზის სადგურების რეკონსტრუქციას იწყებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია „გლობალ არედი“ არის რუსული კომპანია, რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში, მისი საკონტაქტო ინფორმაცია – მისამართი, ტელეფონი და საფოსტო ინდექსი ფიქსირებულია რუსეთის ფედერაციაში. მისი ფილიალი ან სხვა რაიმე ოფისი იტალიის ტერიტორიაზე არ იძებნება.
„კომპანიაში კომერციული დირექტორის პოზიციაზე მუშაობს იტალიელი. თუმცა ორგანიზაციის რაიმე კავშირი იტალიის რესპუბლიკასთან არ იკვეთება. იტალია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და რომში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა იტალიის საგარეო საქმეთა უწყებასთან.
მედიაში გავრცელებული ცნობების შესახებ ინფორმირებული არიან ჩვენი იტალიელი პარტნიორები, იტალიის საგარეო საქმეთა სამინსიტრომ საქმის კურსში ჩააყენა ასევე თავისი საელჩო მოსკოვში. იტალიის საგარეო უწყება გმობს იტალიის მოქალაქე კერძო პირებისა უკანონო მოქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
იტალიის საგარეო უწყება ყოველთვის პრევენციულად აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლა და იქ უკანონო საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება იტალიის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ისჯება კანონით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის სადგურების რეკონსტრუქციას იტალიური კომპანია განახორციელებს.
ასევე, ნახეთ: „ამ თემაზე არასდროს მილაპარაკია“ – ნუკი კოშკელიშვილი შვილთან დაკავშირებულ პრობლემაზე (ვიდეო)























