09:01 | 2021-10-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საჯარო რეესტრის პასუხი მოქალაქეს, რომლის სამშენებლო სამუშაოებს ბათუმში ტრაგედია მოჰყვა

საჯარო რეესტრის პასუხი მოქალაქეს, რომლის სამშენებლო სამუშაოებს ბათუმში ტრაგედია მოჰყვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა. ეს ის კორპუსია, რომელიც დღეს ჩამოინგრა.

 

რეესტრმა სწორედ დღეს, 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა.

 

გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს სამუშაოები კორპუსში უკვე მიმდინარეობდა.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ზაურ ბუდატოვი [რეესტრში ზოგჯერ ბუდაგოვად არის მოხსენიებული, თუმცა ერთი და იგივე პირადი ნომრით ფიქსირდება], იგივე ბუდაგოვი ამ მისამართზე ფლობდა 200 კვ მეტრ ბინას და მცირე ზომის სარდაფს.

 

არსებობს ასევე ვარაუდი, რომ სახლის ერთ სართულს სინკარები გამოაცალეს, რამაც ნგრევა გამოიწვია.

 

კორპუსი ზუსტად 26 მაისის ქუჩაზე #13-ში მდებარეობდა, ერთი მხრიდან მემედ აბაშიძის ქუჩისა და მეორე მხრიდან კლდიაშვილის ქუჩების კვეთის შუაში. ამ სახლის შიდა ეზოს მხარეს შესვლა მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან შეიძლება.

 

საჯარო რეესტრში ასახული მონაცემებით, მოქალაქე ზაურ ბუდატოვი ცვლილების რეგისტრაციას ითხოვდა, ეს ცვლილება კი სარდაფის და ბინის გაერთიანებას გულისხმობდა. წარდგენილი დოკუმენტების დახარვეზების ერთ-ერთ მიზეზად რეესტრმა დღეს ჩაწერა:

 

„დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ არის ბინა N1-ის და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი.“

 

No description available.

 

განაცხადში, წარდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალში წერია ისიც, რომ წარდგენილია ამხანაგობის კრების ოქმი.

 

რეესტრის ინფორმაციით, ბათუმში 26 მაისის #13 -ში მოთხოვნილი რეგისტრაციისთვის მოქალაქემ წარადგინა შიდა აზომვითი ნახაზი და ამხანაგობის კრების ოქმი, ასევე სართულის გეგმა.

 

წარმოების შეჩერების საფუძვლად რეესტრმა მიუთითა ასევე, რომ ცვლილება მხოლოდ ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს. როგორც ჩანს, დაინტერესებულმა პირმა ვერც ამ მხრივ წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტი.

 

საბოლოოდ, როგორც რეესტრი განმარტავს: „საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X