
საქართველოს სახალხო დამცველი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, საქმეში არ დევს მტკიცებულებები, რომელიც ფულის გათეთრების ბრალდებას დაადასტურებს. ამასთან, სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ მის მიერ სასამართლოს მეგობრის (ამიკუსის) სტატუსით წარდგენილი მოსაზრება, მოსამართლეს დაეხმარება საქმის სამართლიან შეფასებაში.
“გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2020 წლის 9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების 33 ტომის სრულად გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) დანაშაულის შინაარსობრივ, სტრუქტურულ და მიზნობრივ ელემენტებს.
სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში განიხილავს, თუ რატომ არის ფულის გათეთრება კონვენციური წარმომავლობის დანაშაული, რა სპეციალური წინაპირობები, სქემა და მიზანი ესაჭიროება ამ დანაშაულის ჩადენას და რატომ უნდა განიმარტოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული შესაბამისი ნორმა მისი ავტონომიური შინაარსის მიხედვით. სამართლებრივი ანალიზის შემდგომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრება მიმოიხილავს კონკრეტული ბრალდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
ფულის გათეთრების დანაშაულის კონვენციური შინაარსიდან გამომდინარე, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე:
პრედიკატული დანაშაულის ჩადენა – ფულის გათეთრებისთვის აუცილებელია, არსებობდეს (როგორც წესი, რეგულარული და არაერთგზის ჩადენილი) დანაშაული, რომლითაც პირმა „შავი ფული“ მოიპოვა. წინამდებარე საქმეში მსგავსი დანაშაულის რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის;
უკანონო ლეგალიზაციის სქემა – ფულის გათეთრების სქემა სამ ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად თანხა ბანკის სხვადასხვა ანგარიშებზე განთავსდება, შემდგომ მრავალი წვრილმანი გადარიცხვა სრულდება, რათა მაკონტროლებელმა ორგანოებმა აღნიშნული თანხის წარმომავლობის დადგენა ვეღარ შეძლონ, ბოლოს კი თანხა დამნაშავის საბანკო ანგარიშზე ბრუნდება. საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულებს მიღებული თანხა არ განუთავსებიათ სხვადასხვა ანგარიშებზე, არ დაუშლიათ მცირე ერთეულებად და არ განუხორციელებიათ წვრილმანი გადარიცხვები.
უკანონო ლეგალიზაციის მიზანი – ფულის გათეთრების მიზანს წარმოადგენს წინასწარ უკანონოდ, დანაშაულებრივად მიღებული და წვრილმანი ტრანზაქციების მეშვეობით კანონიერად შენიღბული ფულის უკან დაბრუნება ლეგალურ ანგარიშზე. საქმიდან საერთოდ არ იკვეთება თანხის ბრალდებულთა ანგარიშზე დაბრუნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებაში აღწერილი ქმედება ფულის გათეთრება ვერ იქნება”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება.























