
ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე, მომიტინგეების მისამართით სამართალდამცველების მიერ წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება.
“ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შექმნილი უმწვავესი კრიზისიდან სამართლიანი და სწორი გამოსავალი იყოს ნაპოვნი. უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. მომიტინგეების მისამართით სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. მანამდე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობის გარშემო არსებულ ღობეზე გადაძრომას ცდილობდნენ. ისინი თავიანთ პროტეტს ჯებირებზე ბრახუნითაც გამოხატავდნენ. აქციაზე მყოფ ერთ-ერთ მომიტინგეს თვალი დაუზიანდა, რომელსაც გავრცელებული ცნობით, წყლის ძლიერი ჭავლი მოხვდა.






















