
ქალები პოლიტიკაში – ეს მსოფლიო მასშტაბის გამოწვევაა, რომელსაც არც საქართველო ჩამორჩება. საპარლამენტო უკანასკნელი არჩევნები ამის ნათელი მაგალითი იყო – საპარლამენტო სიებში ყოველი მე-4 კანდიდატი ქალი იყო.
„პრაიმტაიმი“ ქალი პოლიტიკოსების ქონებრივ დეკლარაციებს გაგაცნობთ, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები, როგორც მმართველი, ისე – ოპოზიციური პარტიებიდან.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი

თეა წულუკიანმა ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 31 იანვარს შეავსო, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ წულუკიანს მშობლიურ სვანეთში უძრავი ქონების უმეტესობა აჩუქეს. საჩუქრებს შორისაა: 600 კვ. მ მიწის ნაკვეთი მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში; 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, სოფელ დიღომში; 330,22 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში, ასევე 40,93 კვ.მ ფართის ავტოფარეხი.
კულტურის მინისტრის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ დილისკაში, რომელიც 2016 წელს 7000 დოლარად შეიძინა. მან აგრეთვე 2013 წელს 39 800 დოლარად იყიდა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დიღომში.
ირკვევა, რომ მინისტრს საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა დეკლარაციაში ასახულია მისი მეუღლის, ნუგზარ კაკულიას ავტომობილი – AUDI Q7 2006.
თეა წულუკიანს სამი ანაბარი აქვს, სადაც დაახლოებით 22 000 ლარამდე თანხაა ასახული.
პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” მარიამ ქვრივიშვილი

„ქართული ოცნების” დეპუტატმა დეკლარაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნისას შეავსო, რომლის მიხედვით, ქვრივიშვილს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე, 11 თვის განმავლობაში, 2019 წლის თებერვლიდან, ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით, აღებული ჰქონდა 55 725 ლარი.
ქალბატონი დეპუტატი მსუბუქ ავტომობილ BMW – x6-ს ფლობს, რომლის ღირებულებაც 60 000 აშშ დოლარს შეადგენს.
მარიამ ქვრივიშვილის საკუთრებაშია ასევე, Rolex-ის საათი, რომელიც 2016 წელს საჩუქრად მიიღო და მისი ღირებულება 10 000 აშშ დოლარია. ხოლო ამავე ბრენდის მეორე საათი დეპუტატმა 2017 წელს თავად შეიძინა და მასში 12 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატს ეკუთვნის Cartier-ს სამაჯურიც, რომელიც 2017 წელს 7 000 აშშ დოლარად შეიძინა და ამავე ბრენდის ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 3 500 აშშ დოლარია.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში მარიამ ქვრივიშვილს – 22 412 ლარი, 40 119 დოლარი, 4 176 გირვანქა ჰქონდა.
პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” თამარ ტალიაშვილი

მმართველი პარტიიდან პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილის დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ბორჯომში. უძრავი ქონების დანარჩენი ნაწილი კი ტალიაშვილის მეუღლის დავით კუხალაშვილის 100%-იან საკუთრებაშია.
ტალიაშვილის მეუღლემ 2013 წელს, 45000 ლარად მერსედესიის მარკის ავტომობილი შეიძინა. დეკლარაციის მიხედვით, ტალიაშვილი ავტომანქანას არ ფლობს.
დეპუტატის ანაბრებზე ჯამში, 220 000 ლარზე მეტია ასახული.
ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონებიდან ირკვევა, რომ 2019 წელს მას ჩუქებით გადაეცა თბილისში მდებარე, 124,1 კვ.მ ბინის 52,41%. იმავე წელს, ასევე ჩუქებით მიიღო სოფელ ბულაჩაურში 150,55 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.
2020 წელს კი, მემკვიდრეობით გადაეცა ბინა ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის 50%-იან წილს მისი მეუღლე, კონსტანტინე იოსელიანი ფლობს. ასევე, მის სახელზეა 2013 წელს შეძენილი, 51 კვ.მ ბინაც თბილისში, რაშიც 53 000 ლარი გადაიხადა.
გარდა ამისა, მის მეუღლეს 2020 წელს მემკვიდრეობით მიღებული აქვს 251,8 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ქობულეთში, 192 კვ.მ ბინა თბილისში, ჭავჭავაძეზე და 53,5 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ბარნოვზე.
2004 წელს ასევე მემკვიდრეობით მიიღო 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, კერძოდ, დიდ ლილოში. ხოლო 30 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე.
თინა ბოკუჩავას მეუღლეს ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი TOYOTA PRIUS 2012 № VC166CV, რაშიც 2017 წელს 8 500 აშშ დოლარი გადაიხადა და ასევე, 2020 წელს 6 000 აშშ დოლარად შეძენილი Fiat Abarht.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნატო ჩხეიძე

„ენმ – ძალა ერთობაშიას“ სიის დეპუტატობის ყოფილი კანდიდატმა ნატო ჩხეიძემ 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ მის საკუთრებაშია 9376 კვ.მ მიწის ნაკვეთის გორში, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. 2009 წელს ჩხეიძეს ჩუქების ფორმით გადაეცა თბილისში საირმის ქუჩაზე 170,13 კვ.მ ბინა.
ნატო ჩხეიძეს 2005 წელს 160 ფერწერული ტილო გადაეცა ასევე ჩუქების წესით, თუმცა დეკლარაციაში მათი ღირებულება ასახული არ არის. მას დანაზოგის სახით 9 800 ლარი უფიქსირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ნატო ჩხეიძე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი ქალია. მისი მეუღლის, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ქონება რამდენიმე ათეულ მილიონს აღწევს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრს სალომე სამადაშვილს, მისი დეკლარაციის მიხედვით, მამამ 23 000 დოლარი და 10 000 ლარი აჩუქა. გარდა ამისა, სალომე სამადაშვილმა 22 050 ლარის შემოსავალი მიიღო ცხვარიჭამიაში მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან.
10 000 ლარი კი მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო კამპანიისთვის შესწირა.
დეკლარაციის მიხედვით, სალომე სამადაშვილის, როგორც დეპუტატის და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურებამ ერთი წლის განმავლობაში 62 946 ლარი შეადგინა, „საქართველოს უნივერსიტეტიდან“ კი, როგორც მიწვეულ ლექტორს 9 500 ლარი აქვს მიღებული.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, დეკლარაციის თანახმად, სალომე სამადაშვილმა 2017 წელს 65 000 დოლარად შეიძინა ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე, 2015 წელს კი 80 000 ევროდ საცხოვრებელი სახლი ირლანდიაში, კერძოდ ლიმერიკიში (ქალაქ-საგრაფოში).






















