17:53 | 2020-08-08 ავტორი: Prime Time

„სახლიდან რომ გადიოდა, საოცრად ნაღვლიანი იყო, ალბათ, გრძნობდა, რომ უკანასკნელად გადიოდა“ – გმირის სევდიანი ისტორია

„სახლიდან რომ გადიოდა, საოცრად ნაღვლიანი იყო, ალბათ, გრძნობდა, რომ უკანასკნელად გადიოდა“ – გმირის სევდიანი ისტორია
გმირი გელა მებაღიშვილი, დაიბადა 1972 წელს – უმცროსი სერჟანტი –ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი

 

გელა მებაღიშვილის მეუღლე ინგა გმირობის ისტორიას იხსენებს.

 

„სახლიდან რომ გადიოდა, საოცრად ნაღვლიანი იყო, ალბათ, გრძნობდა, რომ უკანასკნელად გადიოდა სახლიდან… მარიამი გააღვიძა, ჩაეხუტა, დაემშვიდობა, ყველას დაგვემშვიდობა, საერთოდ, არასოდეს გადიოდა სახლიდან დაუმშვიდობებლად, ამბობდა, რომ ჯარისკაცის ცხოვრება ისეთია, ყოველთვის შეიძლება ყველაფერი მოხდესო…

 

ალყაში იყვნენ მოქცეულები, თვითონ გამოვიდნენ, გამოარღვიეს ალყა. მაგრამ ერთი მეგობარი დაიჭრა, ფეხი მოაგლიჯა ყუმბარის ნამსხვრევმა, გელამ თვითონ შეუხვია ჭრილობა, ბიჭი გონზე იყო და იხვეწებოდა, აქ ნუ დამტოვებთო. გელამ ის ბიჭი ორ ბიჭს ჩააბარა, გამოიყვანეთო… შემდეგ სამშვიდობოს გამოსულმა ის ბიჭები ნახა, მაგრამ ვერ ნახა დაჭრილი მეგობარი. რომ მოიკითხა, სად არისო, გარდაიცვალა უკვეო. გელა მაინც შევიდა ასეულის ექიმთან ერთად, კი შევიდა, მაგრამ იმ ბიჭამდე ვეღარ მივიდა…

 

დაჭრილის გამოსაყვანად რომ შესულან, გელას ექიმისთვის უთქვამს, შენ იქით წადი, მე აქეთ წავალო. ექიმი საითაც წავიდა, იქით არ იყო ნაღმი, საითაც გელა წავიდა, იქ იყო ნაღმი და გელა აფეთქდა… თვითონ ექიმიც საშინლად დაიჭრა, ხორცები ჰქონდა დაგლეჯილი. იმ ექიმმა ნახა გელა გარდაცვლილი, ერთადერთი ის იყო, ვინც ნახა, რომ ნაღმზე აფეთქდა… ექიმმა ვერ გამოიყვანა გელა, თვითონ დაჭრილი და განადგურებული იყო, ან როგორ გამოაღწია…

 

მაშინვე კი თქვა, გელა მოკვდა, პულსი ვნახე და მკვდარი იყოო, მაგრამ მე მაინც ცოცხლებში ვეძებდი, გელას თანამებრძოლებიც მეუბნებოდნენ, მაგას ნუ უჯერებ, აგონიაშია, არაა სრულ ჭკუაზეო. არც იმათ უნდოდათ გელას სიკვდილის დაჯერება, არც მე… გელა ნოემბერში გადმოასვენეს, ბოლო 11 კაცი რომ გადმოასვენეს, მაშინ…

 

გავიგე თუ არა, წავედი სანახავად. იქ ვინმეს ამოცნობა შეუძლებელი იყო, მაგრამ ექსპერტმა მითხრა, რომ ერთ-ერთს „გოლფის“ გასაღები ჰქონდა. გელას თან ჰქონდა წაღებული მანქანისა და სახლის გასაღები… მაჩვენეთ-მეთქი. ჩვენი გასაღები იყო, სამწუხაროდ… დამამშვიდეს, შეიძლება სულ სხვასთან აღმოჩნდა სხვისი გასაღები, ან სულაც სხვისი გასაღებიაო. სამწუხაროდ, ჩვენი იყო. მოერგო ჩვენი სახლის კარსა და მანქანას. დეენემის პასუხი დაემთხვა. რატომღაც არ მეგონა, რომ ჩვენი სიყვარული ასე დამთავრდებოდა, საშინელებაა, ახსნაც არ შემიძლია, ხანდახან ვფიქრობ, რომ რახან გარდაცვლილი არ მინახავს, ცოცხალია, რომ სადღაცაა, ახლოს… არადა, რაც დროს გადის… არაა ახლოს, შორს არის… ჩვენგან…“,  უყვება „პრაიმტაიმს“ გმირის მეუღლე, წიგნი „გმირი“.

ავტორი: Prime Time

X