
მსოფლიოში, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო საჰაერო საზღვრები, თითქმის ყველა ქვეყანაში ჩაიკეტა. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ასეულობით ქართველია ჩარჩენილი ესპანეთში, რომლებიც პირინეის ნახევარკუნძულებს სხვადასხვა მიზნით ეწვივნენ. ერთ-ერთი ასეთი 65 წლის ქალბატონი ნორა გელაშვილია, რომელიც ბარსელონას შვილიშვილთან ერთად ეწვია.
„პრაიმტაიმი“ ქალბატონ ნორას დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, შვილიშვილი სიმსივნით ჰყავს დაავადებული და ბარსელონას ექიმთან კონსულტაციის გამო 2 მარტს ეწვია, თუმცა უკან დაბრუნებას საზღვრების ჩაკეტვის გამო ვერ ახერხებს. ნორა გელაშვილი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს:
„მე და ჩემი შვილიშვილი, რომელიც არის სიმსივნით დაავადებული ბარსელონაში ექიმთან კონსულტაციისთვის 2 მარტს ჩამოვედით. საქართველოში 23 მარტს უნდა დავბრუნებულიყავით, თუმცა საზღვრების ჩაკეტვის გამო, wizzair-მა ფრენა გააუქმა და აქ ჩავრჩით. თხოვნა მაქვს ჩვენი მთავრობასთან, იქნებ რამენაირად დაგვეხმარონ უკან დაბრუნებაში. დიდი თანხის გადახდა არ შემიძლია, მართლა გათვლილი „კაპიკებით“ წამოვედით. wizzair თანხას არ გვიბრუნებს და კომერციულ რეისზე ბილეთები ძალიან ძვირია. თავად მე გადაადგილება მიჭირს, ყავარჯენს მოვიხმარ და სახლიდანაც ვერ გავდივარ. არ ვიძახი რომ უფასოდ წამოვალთ, უბრალოდ გვინდა რომ შედარებით რეალურ ფასში მოხერხდეს გამომგზავრება“, – აცხადებს ნორა გელაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ბარსელონაში ჩარჩენილი სხვა ქართველებიც იმყოფებიან, რომლებიც დაბინავებასაც ვერ ახერხებენ. თავად მას კი დახმარება ერთ-ერთმა ქართულმა ოჯახმა აღმოუჩინა.
„ბარსელონაში ბევრი ქართველია ჩვენს დღეში. ქუჩაში დარბიან და ბინებს ეძებენ, საკონსულო ვერ გვეხმარება, სამინისტროსაც ვერ ვუკავშირდებით. უფლის ანაბარა ვარ დარჩენილი, ჩემს მიწაზე ჩასვლას ვნატრობ. აქ ერთი ქართული ოჯახი დაგვეხმარა, მათთან ვცხოვრობ და ბინის ქირაში ფული არ მეხარჯება. ერთადერთი, რაც მინდა – სახლში დაბრუნებაა. საქართველოში გულით ავადმყოფი და დიაბეტიანი მეუღლე მყავს დატოვებული, რომელიც ჩემს დაბრუნებას ელოდება“, – ამბობს ნორა გელაშვილი.
ევროპის მასშტაბით, საზღვების ჩაკეტვის გამო სხვადასხვა ქვეყნებში ასეულობით ქართველი ჩარჩა და სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ამასთან, Geogian Airways-ის მიერ დანიშნული სპეც-რეისებიც გაუქმდა. მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, თუ ვინ უფრო მეტ ფულს გადაუხდის.
რაც შეეხება ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობას. ამ დროისთვის COVID-19-ით მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 909 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 1 813 გარდაიცვალა. ესპანეთში კორონავირუსით 3 საქართველოს მოქალაქეც დაიღუპა, რომელთა ცხედრების გადმოსვენებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.






















