
დღეს 22 საათზე მაყურებელი “ფარული კონვერტის” განსხვავებულ ეთერს იხილავს. პირდაპირ ეთერში გასულ იას შოუში, ზურა ბაკურაძის გახსენებაა.
“ქართული ხმების” დაუვიწყარი და გამორჩეული მეორე ხმა, 23 ივნისს, სრულიად მოულოდნელად, ტრაგიკულად გარდაიცვალა. რაჭაზე უზომოდ შეყვარებული მომღერალი, შქმერში, ხევში გადაიჩეხა.
ივნისის დასაწყისში რაჭაში დედა დაკრძალა. მერე თბილისში ჩამოვიდა. ანსამბლის წევრებთან ერთად რეპეტიციებს გადიოდა, ივლისში დაგეგმილი კონცერტებისთვის ემზადებოდნენ. რეპეტიციაში, 22 ივნისსაც, რამდენიმე საათი გაატარა და ბოლოს დაიბარა – “ერთი დღით მივდივარ რაჭაში და ზეგ თქვენთან ვარ, ბიჭებოო”…
მშობლიურ სოფელ სევაში ძმასთან, ასევე მომღერალ, გივი ბაკურაძესთან ერთად წავიდა. გივი და ზურა განუყრელები იყვნენ, მეგობრული ძმობა ჰქონდათ. ტრაგედიის ადგილასაც ერთად ყოფილან…
წლების წინ, გივი ავტოავარიაში მოხვედრილა და სასწაულებრივად გადარჩენილა. და ახლა, როდესაც მეგობრებმა ზურას უბედურების შესახებ შეიტყვეს, სანამ მაშველები მომღერლის გადარჩენას ცდილობდნენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ზურაც გამოძვრებოდა…
დღეს “ფარული კონვერტის” განსხავავებულ შოუში, ზურას გასახსენებლად მოდიან: ლაშა ღლონტი, დათო არჩვაძე, გია დავითიანი ზურა ხაჩიძე, ოთო ნემსაძე, ქეთი გაბისიანი, გიორგი სუხიტაშვილი, ნანა ცინცაძე, ლევან ჩხაიძე და ციცი ფალავანდიშვილი.
დათო არჩვაძე მოჰყვება სიმღერის ისტორიას, რომელიც თავისი სიტყვებით, თითქმის წინასწარმეტყველება აღმოჩნდა ზურასთვის.
ნანა ცინცაძემ ტრაგიკულად გარდაცვლილ მომღერალს ლექსი უძღვნა. ის ლექსს პირდაპირ ეთერში წაიკითხავს. მასზე დათო არჩვაძე სიმღერას წერს და მას მეგობრები ზურას ხსოვნისთვის ჩაწერენ.
მოისმენთ ზურასთან დაკავშირებულ ისტორიებს.
ასე რომ, საკმაოდ ემოციური ეთერი გელოდებათ… დღეს, 22 საათზე დაელოდეთ იას შოუს.
მოკლედ ზურას შემოქმედებით მხარეზე
ზურას მუსიკალური ცხოვრების გზა ასეთი იყო: სიმღერა 28-ე მუსიკალურ სასწავლებელში, ანსამბლ “ბიჭებში” დაიწყო.
90-იან წლებში, როდესაც სიმღერისთვის არავის ეცალა, ტყვიების ზუზუნი და ომი იყო, ზურა დადიოდა და ხალხურ სიმღერასა და გალობას სწავლობდა.
მისი პედაგოგი გალხდათ დამსახურებული არტისტი, ლოტბარი თემურ ქევხიშვილი.
ძმასთან, გივი ბაკურაძესთან ერთად, წლების მანძილზე იყო ანსამბლების – “რუსთავისა” და “ერისიონის” სოლისტი.
პატრიარქის კურთხევით გალობდა სამების საკათედრო გუნდში.
შემდეგ იყო “ქართული ხმები”, ზურას მეორე ოჯახი… იყო ანსამბლის სული და გული. ორგანიზატორი, ხელმძღვანელი, მენეჯერი. “ქართულ ხმებში” იყო მეორე ხმა, გამორჩეული შემსრულებელი, როგორც ხალხური სიმღერის, ისე ქალაქური და საკომპოზიტორო ნაწარმოებებისა.
ანსამბლის წევრები ისეთი დათრგუნულები არიან, რომ არც კი იციან, თუ როდის შეძლებენ სიმღერას და საყვარელი საქმის გაგრძელებას. სწორედ მძიმე ემოციური და შინაგანი მდგომარეობის გამო, ვერ შეძლეს დღეს გადაცემაში სტუმრობა და ზურაზე უკვე წარსულში საუბარი.
ზურა ასევე გახლდათ “ქართული ხმების” ბავშვთა ანსამბლის პედაგოგი, ზრდიდა მომავალ თაობას, დაჰყვებოდა გასტროლებზე.
მიშო ჯავახიშვილი, “შავნაბადას” სოლისტი: – მისი ხასიათიდან გამომდინარე, ყველასთან იყო უპირველესად თავდადებული ადამიანი, ეს იქნებოდა მეგობარობა, საქმე თუ ურთიერთობები.
იყო წარმოუდგენლად უსაყვარლესი ადამიანი. ან როგორ ამოგიდგებოდა მხარში. თუ გვერდში მდგომი არ გიყვარს, კარგი სიმღერა ვერ გამოვაო, ნათქვამია. ზურას ყოველთვის ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა ის.
ყველასთვის ღია ჰქონდა გული. ზურა, მადლობა ყველაფრისთვის…
























