
იმდენი დაიწერა და დღესაც იწერება ომზე, თითქოს ყველაფერი ცნობილია, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა შესახებ ახლა ვიგებთ. „პრაიმტაიმი“ დღეს გაგაცნობთ აფხაზეთის მკვიდრის, პავლე ხარებავას ოჯახის შემზარავ ამბავს…
ოჯახის რძალი, სალომე ხარებავა ექსკლუზიურად გვიყვება იმ ჯოჯოხეთური გზის შესახებ, რაც მისმა მეუღლემ – ნიკა ხარებავამ, მამამთილმა და ოჯახის სხვა წევრებმა გამოიარეს.
– ჩემი მამამთილი, პავლე (ნუგზარ) ხარებავა დაიბადა აფხაზეთში, სოფელ შაფში, მრავალშვილიან ოჯახში. ძალიან ბევრი შვილი ჰყოლიათ მის მშობლებს, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით უკვდებოდათ თურმე ბავშვები და მხოლოდ რამდენიმე გადარჩა. მათ შორის ერთი ჩემი მამამთილი გახლდათ.
როდესაც პავლე დაქორწინდა, საცხოვრებლად გადავიდა სოხუმთან, სოფელ ვლადიმიროვკაში. იქ მუშაობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, სამეურნეო ნაწილში, ჩემი დედამთილიც იქვე, სამზარეულოში მუშაობდა. როდესაც ომი დაიწყო, ვიღას ახსოვდა ფსიქიატრიული კლინიკა და მისი პაციენტები? იტყოდა ხოლმე, – მიტოვებული იყვნენ პაციენტები, არავის ახსოვდა მათი არსებობაო. ომამდე წელიწად-ნახევრით ადრე გაჭირდა იმ სოფელში ცხოვრება, შუქი არ ჰქონდათ, ფქვილი და სხვა პროდუქტი არ შედიოდა. არა თუ ფსიქიატრიულის პაციენტებს, სოფლის მოსახლეობასაც ძალიან უჭირდა. – შიმშილისგან ადამიანები იბერებოდნენ, მუცელი საშინლად ეზრდებოდათ და მერე კვდებოდნენო, – გვიყვებოდა ხოლმე, იქაურ ამბებს. თუმცა, თავად როგორც შეეძლო, პატრონობდა პაციენტებს და საჭმელი, რომელიც ისედაც ძნელად იშოვებოდა სოფელში, მათთან მიჰქონდა.

როდესაც სოხუმი ბლოკადაში მოექცა, სოფელში საჭმელს აგროვებდა და ჯარისკაცებთან მიჰქონდა ხოლმე. თვითონაც ჩაეწერა ერთ-ერთ ბატალიონში და 3 თვე წინა ხაზზე იბრძოდა. გუმისთასთან მისი ბატალიონიდან მხოლოდ 2 ადამიანი გადარჩა ცოცხალი. ორჯერ დაიჭრა კიდეც, ფეხის თითებიც დაკარგა. იხსენებდა ხოლმე: გუმისთაში ბრძოლის დროს, სანამ ჯარის შევსება მოხდებოდა, სანგარში დავრბოდით და სხვადასხვა ადგილდან ვისროდით, ბევრი რომ ვგონებოდითო. პავლე სხვებთან შედარებით ასაკით უფროსი იყო, თანაც რამდენიმე თვის წვერგაუპარსავი და ამის გამო თანამებრძოლები ბაბუს ეძხდენენ.
27 სექტემბერს უკვე აფხაზები გამარჯვებას ზეიმობდნენ და ფეიერვერკებს უშვებდნენ. 3 დღით ადრე ბავშვები – შორენა, კახა და ნიკა, პავლეს ძმასთან, ზურაბთან ერთად (რომელიც დაჭრილი იყო), სვანეთის გავლით ჯერ ზუგდიდში და შემდეგ სენაკში, სოფელ აბედათში უნდა ჩაეყვანათ. ზურაბს მეუღლე, 3 შვილი, და, დის ქმარი და მათი 2 შვილიც ახლდა.
პავლე ცოლთან ერთად სოფელში დარჩა, რომ ხალხს მიხმარებოდა. სოფელში იმხანად 32 ჩვილი ბავშვი იყო, მოკრიბა ბავშვები, მათი ოჯახები და გამოუძღვა. მთელი ღამე ცეცხლს უნთებდა ბავშვებს გზაში, რომ არ გაყინულიყვნენ და სოფელ-სოფელ საჭმელს უგროვებდა. ისინიც სვანეთის გზით მოდიოდნენ. სადღაც შუა გზაში ნახა, რომ ის სატვირთო მანქანა, რომელსაც 3 დღით ადრე შვილები გამოაყოლა, ხევში იყო გადაჩეხილი. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა. ძალიან ღრმა ხევი იყო და არ ჩანდა, იქ ადამიანები იყვნენ თუ არა, მაგრამ მიმოყრილი იყო ფერადი ნივთები, ტანისამოსი და ისე ჩანდა, რომ დაღუპული ადამიანები ეყარნენ. თუმცა, თავად იქ ვერ ჩავიდოდა და თანაც, სხვისი შვილების პატრონი იყო და თავს შემოუძახა, რომ გზა გაეგრძელებინა. წარმოიდგინეთ, მის გულში რა ხდებოდა.
2 დღის განმავლობაში ეგონა, რომ სამივე შვილი მოუკვდა. ძალიან კი მიჭირს ამის თქმა, მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ სვანეთის გზაზე „მარადიორობდნენ“ გარკვეული ჯგუფები და მანქანებს რაღაც გადასახადის სანაცვლოდ ატარებდნენ. ამ სატვირთოს მძღოლისთვის მანქანის დატოვება უბრძანებიათ. იმას ხალხი ჩამოუსვამს და თავისივე ნებით გადაუგდია მანქანა ხრამში.
როცა პავლემ და მისმა მეუღლემ, იზო კაკუბავამ ხრამში გადაჩეხილი მაქანა ნახეს, იზო ცუდად გამხდარა. ფეხები აღარ მემორჩილებოდაო, იხსენებს ხოლმე.
პავლეს იარაღი გადაუტენია, – ხომ ხედავ, რამდენი ადამიანის ბედია ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენს შვილებს აღარაფერი ეშველებათ და სხვების პატარები მაინც გადავარჩინოთ, ახლავე ადექი ან გესვრიო.
მათთან ერთად მომავალი ბიჭები შესდგომიან მხარში იზოს და რამდენიმე კილომეტრი თითქმის თრევით უტარებიათ.
როგორც ჩემი მეუღლე იხსენებს, მანქანა ხრამში რომ გადაიჩეხა, იმის შემდეგ 2 დღე-ღამე იარეს ფეხით. შემზარავი სანახავი იყო, გზაზე დაყრილი ცხედრები. ზოგი შიმშილით და ზოგიც სიცივით იხოცებოდა. ნიკა ხშირად იხსენებს მომენტს, როცა თვითმფრინავიდან პური გადმოყარეს, Როგორ დაესია შიმშილისგან გონებაარეული ხალხი. ნახევარი პური ნიკასაც უპოვია, რომელიც ვიღაც ქალმა აართვა თურმე, აცრემლებულ ბავშვს.

ამ დროს უფროსი გოგონა იყო სტუდენტი, მეორე – მასზე 1 წლით უმცროსი, ხოლო ჩემი მეუღლე 7 წლის გახლდათ. ბიძამისს მხარზე შესმული მოჰყავდა თურმე და ისე დაიღალა, შეწუხდა და შიმშილით დაოსდა, რომ – დამტოვეთ აქ, აღარ წამიყვანოთ, ღმერთო, მომკალიო, ამბობდა თურმე.
გზაში მათთვისაც უთქვამთ, სოფელი ვლადიმიროვკა მთლიანად გადაწვეს და ცოცხალი არავინ გადარჩენილაო. ბავშვებსაც დედ-მამა მკვდარი ეგონათ.
ჩემს მულს ქოშები სცმია. დაესვარა თურმე, გაურეცხავს და გასაშრობად დაუდია, ერთ-ერთი შესვენების დროს. ვიღაცას კი მოუპარავს და დღე-ნახევარი ფეხზე ძონძებ და ცელოფანშემოხვეულს უვლია.
სამივე და-ძმა იხსენებს, რომ ბიძა, მამიდა და მამიდის ქმარი საკუთარ შვილებზე მეტად მათ უფრთხილდებოდნენ, როგორც ჩაბარებულ და უკვე უდედმამო ბავშვებს.
ჭუბერამდე როგორღაც ჩააღწიეს. იქ ნიკა (შეგახსენებთ, რომ 7 წლის იყო) ერთ ეზოში წყლის დასალევად შესულა და ოჯახის დიასახლისი იარაღით გამოვარდნია და ბავშვისთის უსვრია, – ჭას არ გაეკაროო.
თავიდან იგეგმებოდა, რომ ბავშვები თვითმფრინავით უნდა წამოსულიყვნენ, სვანეთამდე, მაგრამ თვითმფრინავში ისე არავის უშვებდნენ, თუ ოქროთი არ გადაიხდიდა. უფროს გოგონას აღმოაჩნდა ერთი პაწია ოქროს კულონი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა ამდენი ადამიანის ბორტზე ასაშვებად და ამიტომ დარჩნენ. თუმცა, კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა. ის თვითმფრინავი ჰაერში ასვლისთანავე აფეთქდა და ყველა იქ მყოფი დაიღუპა.
როცა სამშვიდობოს გამოვიდნენ, შვილები მერე მოიკითხეს და ისე მიაგნეს. ზუგდიდში ცხოვრობდა პავლეს დეიდა და მასთან მივიდნენ. ორი წელი იქ იცხოვრებს. ერთხელ ჰუმანიტარული დახმარება გაუნაწილებიათ და პავლესთვისაც უთქვამთ, გეკუთვნის და წაიღეო. იქვე მდგარა ერთი ქალბატონი, რომელსაც თან პატარა შვილიშვილი ახლდა და ოჯახის წევრები კი ომში დაეღუპა. მე როგორ ავიღო დახმარება, როცა ამ ქალბატონს უფრო მეტად სჭირდებაო და უარი თქვა. საცხოვრებლად ზუგდიდში დარჩა, რადგან სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეგონა, რომ აფხაზეთში დაბრუნდებოდა. იქ დაუმარხავი და და სიძე ეგულებოდა, რომელთა გაპატიოსნებაც ვერ მოახერხა. მიცვალებულებს ვერ მიეკარა, რადგან არ მიეცა ამის საშუალება.
პავლეს დედ-მამა აფხაზეთში დარჩა. აფხაზებს მოხუცები ხეზე მიუბამთ და აყურებინეს, სახლი როგორ დაუწვეს. ერთ-ერთს ბაბუას მოკვლა სდომებია, მეორეს დაუშლია – მაინც მოკვდება ჯავრით, ისეთი რამე ვაყურებინეთო და დანა, რომლითაც ყელი უნდა გამოეჭრათ, ციტრუსების ბაღში მოუსროლია. ხეზე მიბმულები დაუტოვებიათ და კარგა ხნის მერე ჩამოუხსნია ვიღაცას. ბაბუას ის დანა თან წამოუღია და ინახავდა სიცოცხლის ბოლომდე.
მოგვიანებით ოკუპირებული ტერიტორიიდან მოხუცების გადმოყვანა მოხერხდა და უამრავი ხანდაზმული ადამიანი ერთად გადმოიყვანეს აფხაზებმა და ენგურის ხიდთან დაყარეს. მაშინ გადმოუყვანიათ პავლეს მშობლებიც და წავიდა მათ წამოსაყვანად. მიწაზე დაყრილ მოხუცებს შორის დადიოდა და მშობლებს დაეძებდა. ვიღაც კაცს წასწყდომია, ნაბადი ჰქონია გადაფარებული და რომ აუწევია, მამა უცნია. მისავათებული, შიმშილისგან ცოცხალ-მკვდარი ყოფილა.
დედაც იქვე იყო. ორივე ჩამოიყვანა ზუგდიდში და შპრიცით დაუწყიათ მათი გამოკვება და წყლის მიცემა, ისეთი დაუძლურებულები ყოფილან. ომის შემდეგ მოხუცებმა 5-6 წელი იცოცხლეს, მაგრამ დედას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ამდენი უბედურების გადატანის მერე.
ზუგდიდში ვის ოჯახშიც ხოვრობდნენ, საკმაოდ შეძლებულები იყვნენ და ერთ ღამეს ყაჩაღები დაესხნენ თავს. ფული ეგულებოდათ და რომ არ დახვდათ, ჩემს დედამთილს ტყვია ესროლეს და რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა. ბავშვები სხვენში გადაუმალავთ, რადგან მაშინ ისეთი დრო იყო, ახალგაზრდა გოგონების გაუპატიურება პრობლემას არ წარმაოდგენდა კრიმინალებისთვის, ისეთი განუკითხაობა იყო. ყაჩაღებს ავტომატის ჯერი ჭერზე მიუშვიათ და ამაზე ცალკე ინერვიულეს, რომ ბავშვები არ მოეკლათ ან და შეშინებულებს ყვირილი არ აეტეხათ და ყაჩაღებს მათი ადგილსამყოფელისთვის არ მიეგნოთ.
ორი წლის შემდეგ ზუგდიდიდან სხვა სოფელში გადავიდნენ, სადაც კეთილმა ადამიანმა დროებით დაუთმო სახლი, რადგან თვითონ იქ არ ცხოვრობდა. იქ მეურნეობას მოკიდეს ხელი, სათბურები გააშენეს და დილაობით მეზობლებს კიტრს ჩამოურიგებდა ხოლმე და მახსოვს, უკან დაბრუნებული ამბობდა ხოლმე – დღეს 7 მადლობა და 15 გაიხარე დავიმსახურე და ხომ კარგი კაცი ვარო…
2015 წელს ზუგდიდში ბინა მისცეს და შრომას შეჩვეულს უქმად გაჩერება არ შეეძლო, დაიწყო „სტაიანშიკად“ მუშაობა. იქაც იმდენი ქველმოქმდება გაუკეთებია, რომ როცა გარდაიცვალა, პანაშვიდზე მოსული ხალხი გვიყვებოდა.

არასოდეს იწუწუნებდა – მტკივაო. ჩუმად გადაიტანდა ყველაფერს. აღმოჩნდა, რომ ლეიკემია ჰქონია. დიაგნოზის დასმიდან 1 თვე იცოცხლა და გარდაიცვალა 72 წლისა. ცოლი უყვარდა არანორმალურად. თავს დაჰფოფინებდა და როცა მათი რძალი გავხდი, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი მათი ურთიერთობით. კინკლაობდნენ ხოლმე ხშირად, მაგრამ მე მეტყოდა – ამას არაფერი მოაკლო და შენი მონა ვიქნები, დაჩვეულია, რომ ყველაფერს ვუსრულებ და შენც ასე მოექეცი, ძალიან გთხოვო.
პავლეს მამა მეორე მსოფლიო და ფინეთის ომის მონაწილე იყო, პავლე – აფხაზეთის, ხოლო ნიკა აგვისტოს ომის დროს სავალდებულო სამსახურს იხდიდა და მანაც იწვნია თავის ტყავზე ომის სიმწარე.
ვოცნებობ, რომ მეოთხე თაობას ანუ ჩვენს შვილებს მაინც აარიდოს ღმერთმა ომის ჯოჯოხეთი.
სხვათა შორის, ჩვენ ჯერ კიდევ ქირით ვცხოვრობთ, სახლდან სახლში გადავდივართ და საკუთარ ჭერზე ოცნებაში გვხდება სული.
პავლე აგონიაში იყო, რომ მოვატყუეთ, ბინა მივიღეთო. ერთი წამით გაახილა თვალი და ცრემლი გადმოუგორდა. არ გვინდოდა, ჯავრი საფლავში ჩაჰყოლდა.






















