
მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილიდან, ავღანეთიდან შემზარავი ინფორმაციები ვრცელდება. იქ ახლა „თალიბანი“ ბატონობს. უკონტროლო სიტუაციის გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა სამშობლო უკვე დატოვა. ახლა, ავღანეთი მხოლოდ ღმერთის იმედათაა დარჩენილი…
ქვეყანაში, რომელსაც უკვე რამდენიმე საათია ტერორისტული დაჯგუფება მართავს, 5 წლის წინ გახლდით – ქართველ ჯარისკაცებზე, იქაურ ამბებსა და ამერიკულ დიად მისიაზე რეპორტაჟი უნდა მომემზადებინა…
ახლანდელთან შედარებით, მაშინ მშვიდი ვითარება იყო. სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჩასულმა რამდენიმე დღე ნატოს ბაზაზე გავატარე. ის ემოციები, დღემდე მომყვება…
რამდენიმე წლის წინ, ერაყსა და ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცების შესახებ „პრაიმტაიმის“ მიერ გამოცემულ, წიგნზე „გმირი“ ვმუშაობდი. ვწერდი იმ ბიჭებზე, რომელთა სიცოცხლეც უდროოდ შეწყდა და ისტორიას გმირებად შემორჩნენ… მაშინ დავიწყე ფიქრი – მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში წასვლაზე. ამაზე ალბათ, ყველა ჟურნალისტი ოცნებობს…
წიგნი მკითხველამდე მივიდა, მე კი – ავღანეთში მოვხვდი… 2016 წელი იყო, 25 აგვისტო, რეისი: თბილისი-სტამბოლი-ქაბული… ეს საქართველოს თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ლევან იზორიას პირველი საერთაშორისო ვიზიტი იყო, მასთან ერთად ორი ჟურნალისტი ვიყავით.

პირველი შთაბეჭდილება – ესაა ქვეყანა, სადაც დრო გაჩერდა…
26 აგვისტო, 01 საათი და 05 წუთი. სტამბოლი-ქაბულის რეისის მგზავრების უმრავლესობა ავღანელი იყო. ხუთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ავღანეთის თავზე ვიყავით.
უდაბნოსფერი ქვეყნის ნაცრისფერი ციდან კანიონები და უსახური მიწურები მოჩანდა. იქ ბავშვები ტყვიების ზუზუნში იზრდებოდნენ. იარაღი, მძიმე პირობები და გაურკვეველი მომავალი – ეს მაშინდელი ავღანეთი იყო. ქვეყანა, სადაც მშვიდობიან ისლამისტებთან ერთად, რადიკალი, ალაჰის სახელით მებრძოლი ტერორისტები იზრდებოდნენ.
სწორედ იქ, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში’’, ქართველები სხვა ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად მშვიდობისთვის იბრძოდნენ. ეს არ იყო ,,სხვისი ომი“, იქ ქართველები ჩვენ წილ საქართველოს იცავდნენ…
ქაბულის აეროპორტში რამდენიმე დაჯავშნული ავტომობილი დაგვხვდა. მკაცრად გაგვაფრთხილეს: ფოტოს გადაღება აეროპორტსა და გარკვეულ ადგილებში გვეკრძალებოდა… რამდენიმე წუთში, ბაზაში ვიყავით. იქ ქართველი სამხედროები დაგვხდნენ… უდაბნო, ცხელი ქარი, კიდევ უფრო ცხელი, მდოგვისფერი ქვიშა და თითქმის დუღილის ტემპერატურა.
ქაბულიდან ვერტმფრენით ბაგრამზე გავფრინდით. ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები მოვირგეთ. და აი, იმ დროს მივხვდი, რომ მართლაც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ვიყავი…
ამ ფიქრებში უკვე ჰაერში აღმოვჩნდით. ფოტოაპარატ მომარჯვებული ვცდილობდი კადრზე ციდან დანახული ავღანეთი შემეჩერებინა… კარგად ჩანდა, ავღანელთა საცხოვრებლები, ალიზით ნაშენი სახლები, ღობეები და ნასახლარები…

იქ დრო შუა საუკუნეებში იყო გაჩერებული და არავინ იცოდა, რამდენი ხნით… იქ არავინ იცოდა, რა მოხდებოდა ხვალ… იქ საათი მუდმივად ბრძოლის დროს აჩვენებდა, იქ მშვიდობიანი დღე სულ სხვანაირად თენდებოდა, იქ, უდაბნოში, სხვა ჯარისკაცებთან ერთად ქართველები მშვიდობისთვის იბრძოდნენ.
ქართველმა სამხედროებმა დაცული ტერიტორიის საზღვართან, სათვალთვალო კოშკთან მიგვიყვანეს. იქაც, გარე პერიმეტრს ქართველები აკონტროლებდნენ. იქიდან ავღანეთის ერთ უბანს გადავყურებდით. ხელისგულივით მოჩანდა ქალაქის ერთი დასახლება, სადაც თითქოს ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა.
უდაბნოში მებრძოლთა მფარველის სახელობის ქართული ეკლესია
ბაზაზე სამხედროების მიერ აშენებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იყო, იქ იკრიბებოდნენ ქართველები და ისლამურ რესპუბლიკაში ყოველი გასვლის წინ ქართველი მოძღვარი მათ ლოცვა-კურთხევით აცილებდა. ტაძრის გარე ფასადზე საქართველოს დროშა და რუკა იყო გამოსახული, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები სისხლისფრად ჰქონდა შეღებილი.
იქ თითოეული დეტალი მათი ხელით იყო შექმნილი. ეკლესია რკინის კონსტრუქცია იყო, გარე ფასადის ფილებით მოპირკეთების ნაცვლად, მავთულის ღობეში შეკრული ქვები იყო, სამრეკლოში, ზარების ნაცვლად ფოლადის კასრები „გუგუნებდნენ“.
ჩემი ავღანური მისიის პირველი დღე ასეთი ფიქრით დასრულდა: ხვალ, ახალი დღე დაიწყება! – ეს ის იყო, რაც ზუსტად ვიცოდით, ასევე ვიცოდით, რომ მეორე დღესაც ჩვენი ჯარისკაცები ახალ გამოწვევას მიიღებენ.
27 აგვისტო. დილის 8 საათი და 15 წუთი, ბაგრამის საავიაციო ბაზა. აი ის დილა, როცა ყველაზე ამაყმა გავიღვიძე და განცდა – რაც არ უნდა მოვისმინო, ეკრანზე რაც არ უნდა ვნახო, ვერასოდეს, რომ იგრძნობ იმას, რაც რეალური ავღანეთია, რა თქმა უნდა, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად…
ქართული შტაბი
ეს ის ადგილია, სადაც ყველა ის სამხედრო ოპერაცია იგეგმებოდა, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები ასრულებდნენ. შენობაზე მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სიმბოლოსთან და საქართველოს გერბთან ერთად, საქართველოს დროშა იყო გაკრული.
იქვე მდგარ დაფაზე, იმ ქართველი ჯარისკაცის ფოტო იყო გამოფენილი, რომლებიც ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაიღუპნენ. შტაბის ტერიტორიაზე რამდენიმე ავღანელი ახალგაზრდა შევნიშენთ. გვითხრეს, რომ ისინიც იქ მუშაობდნენ და სამხედროებს, დასახლებულ პუნქტში გასვლის დროს ადგილობრივებთან კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარებოდნენ.
თარჯიმანმა ნურვას ჰუთაგგა გვითხრა: „ქართველები კარგი ხალხია, ისინი ეხმარებიან ადგილობრივებს და ეტყობათ, რომ კარგი ადამიანები არიან.“ საუბრის დასასრულს ის საერთო სიტყვები გვითხრა, რომელიც ჩვენ ქართველებს და მათ, ავღანელებს გვაქვს: თუთა, ქიშმიში, ალუჩა, ფანჯარა, შუშა, ბრინჯი, ლობიო…

ბაზის ტერიტორიის შესასვლელთან მდგარ პატარა ქვაზე ფოტოსთან ერთად ინგლსიური წარწერა იყო გაკეთებული: „Your Sacrifice Saved Other’ s Lives And Made You Alive Forever We Remember“ (თქვენმა მსხვერპლმა სხვების სიცოცხლე იხსნა, თქვენ მარად გვემახსოვრებით) ეს სიტყვები 21 წლის რუსთაველ სამხედრო მოსამსახურეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითს, ვასილ ყულჯანიშვილს ეკუთვნოდა, რომელიც ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესრულების დროს, პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებულ თავდასხმას, 2015 წლის 22 სექტემბერს ემსხვერპლა…
ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი ხის ჩრდილს აფარებდა თავს. მათკენ გავემართე. იქ უცხო მიწაზე ყველა ქართველი მათთვის ისეთი ახლობელი იყო, როგორც ნათესავი და ოჯახის წევრი. მათ ყველა სიტყვაში გამამხნეველი მუხტი იყო, თუმცა მაინც საკუთარი ქვეყანა და ოჯახის წევრები ენატრებოდათ…
ავღანური ბაზარი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე
გვითხრეს, რომ ჩვენი ბატალიონის მისია ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავიანთ სამოქმედო ოპერაციის რაიონში ჰუმანიტარული დახმარების გაწევა იყო. სწორედ ამის გამო, ადგილობრივები ქართველი სამხედროების მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობდა ავღანური ბაზარი, სადაც პროდუქტების გარდა, თითქმის ყველაფერი იყიდებოდა. მოვაჭრეები ადგილობრივები იყვნენ, როდესაც გებულობდნენ, რომ საქართველოდან ვიყავით, „გურჯი“-თ მოგმართავენ და ავღანური აქცენტით, ქართველი სამხედროების ნასწავლი ქართული სიტყვებით მოგვმართავდნენ… „როგორა ხა?“, „მე კარქა“, „ჯიგარო“…

მარიამობა
23 საათი. ბაზაზე არსებულ ქართულ ეკლესიაში მარიამობის სადღესასწაულო ლიტურგია იწყებოდა. ყველა ქართველი სამხედრო, ვინც ბაზის ტერიტორიაზე იყო და ისვენებდა, ყველას ტაძარში მოეყარა თავი. ქართველი სამხედრო მრევლთან ერთად რამდენიმე უცხოელიც იყო…
წირვის შემდეგ, თითქმის გავათენეთ ღამე ეკლესიის ეზოში, ბიჭები თავშესაქცევ ამბებს გვიყვებოდნენ, ძალიან უხაროდათ ჩვენი სტუმრობა და ცდილობდნენ გაელამაზებინათ საღამო… იმ ღამეს ყველა ბედნიერი იყო, ბევრი თბილი ღიმილი და ბევრი თბილი ემოცია მოდიოდა ავღანურ მიწაზე… იქ მივხდი, რომ ძლიერი ჯარისკაცების მიღმა, ადამიანური ურთიერთობები და ერთი სისუსტე იმალებოდა – სისუსტე სახელად მონატრება… იქ, ყველას ვიღაც ენატრებოდა – ოჯახი, მეგობრები, ახლობლები და ყველას ერთად, ჩვენი საქართველო, მშვიდობიანი საქართველო…
ასეთი იყო, ჩემი ავღანური თავგადასავალი.
ავტორი : თორნიკე ყაჯრიშვილი























