
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავრცელებს.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს გადაწყვეტილება ამ სოლიდარული აქტით წვლილი შეიტანონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ორი დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობა „challenge“-ში გამოიწვია. ე.წ. „challenge“- ის ისნპირაციის წყარო კი ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი გახდა. პოსტის ავტორმა, თამარ ტაბიძემ იმ ადამიანების მიმართ გამოხატა პროტესტი, რომლებიც დასაქმებულები არიან, ხელფასს იღებენ და მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების დაფარვას ელოდებიან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















