
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. თარიღს განსაკუთრებულად ზეიმობენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში.
სადღესასწაულო წირვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა იმ ადგილზე აღავლინა, სადაც გადმოცემის მიხედვით, საქართველოში შემოსულმა წმინდა ნინომ შეისვენა.
ლოცვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ, მრევლი წმინდა ნინოს გზას დაადგა. მათ შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი. მსვლელობა 42 დღის შემდეგ, სვეტიცხოველში დასრულდება.
მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმინდა ნინოს ქადაგებით, 326 წელს საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს – გარდაცვალება.
ავტორი: რუსკა გვარამაძე























