
„ევროპული საქართველო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებს წარადგენენ.
ამის შესახებ, გიგა ბოკერიამ, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ ერთობლივ ერთობლივ ბრიფინგზე, ცოტა ხნის წინ განაცხადეს.
„ამ არჩევნებზე წყდება ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი. დღეს ოპოზიციას აქვს უნარი, შეთანხმების გზით იაროს. შევთანხმდით, რომ ერთმანეთს კონკურენტებს არ დავუყენებთ და ერთმანეთის კანდიდატებს დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 2 ოქტომბერს განსაკუთრებული არჩევნებია, რომელიც არსებითად რეფერენდუმია.
„ჩვენ ვართ განსაკუთრებულ არჩევნებში. არჩევნებში, რომელიც არსებითად არის რეფერენდუმი ჩვენი ქვეყნის მომავლის შესახებ. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ჩვენ ოპოზიცია ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ მოსახლეობას არა მხოლოდ ის ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არის მართლაც ძალიან საშიში ამ ქვეყნისთვის, არამედ ისეთი არჩევანი შევთავაზოთ, რომელიც მათ რწმენას გაუჩენს, რომ ოპოზიცია, ეს არის წინ გადაგმული ნაბიჯი. ამიტომ, ჩვენ კოალიციური შეთავაზების ფარგლებში შევთანხმდით, რომ თბილისში სამი პარტია შეთანხმებულად გავა მაჟორიტარების ნაწილში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისი პარტია თბილისის არცერთ ოლქში არ დააყენებს მაჟორიტარობის კანდიდატებს.






















