
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა არაერთხელ დაუანონსებია. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა თუ ოპოზიციაში კომენტარებიც ბევრჯერ გაკეთდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2 ოქტომბრის საღამოს დააანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთებიც გამოაქვეყნა. დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსით:
„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოებიც გამოაქვეყნა და ამტკიცებს რომ ახლა იგი ბათუმში იმყოფება. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ვიდეოები ყალბია და სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია.
ამის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარია ბარაბაშიმ. იგი ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოშია.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სამი დღის წინ შეკრიბა ოფისის თანამშრომლები და გადაწყვეტილების შესახებ გააცნო.
„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წავიდა და მიხარია, რომ დილა მშვიდობისა უსურვა ქართველ ხალხს ბათუმიდან. ჩემი ინფორმაციით, იყო ბათუმში, მაგრამ ახლა სად არის, არ ვიცი.
სამი დღის წინ ჯგუფი შეგვკრიბა და შეგვატყობინა საქართველოში წასვლის შესახებ. მან თქვა, რომ ახლა საქართველოში სერიოზული სიტუაციაა და აუცილებლად უნდა იყოს იქ. თქვა, რომ საქართველოს სჭირდება მისი დახმარება, რადგან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომლის ჩატარებაც მის გარეშე რთული იქნებოდა. გუშინ საღამოს შემდეგ ის ოფისთან კავშირზე არ გამოსულა. როცა ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ გადმოსულა, ეს არ ნიშნავს, ის საქართველოშია,”- აცხადებს მარია ბარაბაში.
ასევე ნახეთ:























