
ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა ანაფილაქსიურ შოკთან დაკავშირებით საკუთარ ისტორიას იხსენებს. როგორც სიჭინავა „ტვ პირველთან“ საუბრისას ჰყვება, იგი 3 წლის იყო, როდესაც ანაფილაქსიური შოკი დაემართა.
ხატია სიჭინავა ამბობს, რომ 27 წლის ექთნის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, ჯანდაცვა რომ ამ ყველაფრისთვის მზად ყოფილიყო.
„მე არ გავიკეთებ ვაქცინას არა იმიტომ, რომ ვარ ალერგიული (დიახ, ვარ ალერგიული). მე ვიყავი სამი წლის, როცა დამემართა ანაფილაქსიური შოკი. მაშინ იყო 1983 წელი და ექიმებმა უთხრეს დედაჩემს, ახალგაზრდა ხარ კიდევ გეყოლება ბავშვი, ეს მკვდარიაო.
ზუსტად იგივე დონეზე არის დღეს ჩემთვის ჯანდაცვა, როდესაც გოგოს ჯერ დაეწყო წვა, ყელის ფხანა, ჩვეულებრივად შეიძლებოდა ამ გოგოს გადარჩენა ჩემი აზრით, მაგრამ ვერ მოახერხეს. არ არის მზად ჩვენი ჯანდაცვა, ისევე როგორც არ იყო 1983 წელს, როდესაც მე გადამარჩინა ჩემმა იმუნიტეტმა“,- ამბობს ხატია სიჭინავა.
შეგახსნებთ, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა. გოგონა ახალციხიდან „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას გააგრძელებს. გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. თუმცა, ამ შემთხვევამ შეცვალა ვაქცინაციის პროტოკოლი საქართველოში და ამიერიდან ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარდება.























