
„სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდების დაწერას მკურნალობის პერიოდშივე დაასრულებს.
„ინფექციის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად სამინისტრო კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს. ჩვენ გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ერთი აბიტურიენტი დაინფიცირდა და დღეს ის მკურნალობს.
რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, მას დარჩა ერთი გამოცდა და ჩვენ საბჭოზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ დარჩენილ ერთ გამოცდასაც ჩააბარებს, ოღონდ მკურნალობის პირობებში.
ეს არის შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეეძლოს გააგრძელოს სწავლა, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა”,- განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების უფლება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა.
ინფიცირებულის ყველა კონტაქტის იდენტიფიცირება მყისიერად მოხდა. მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფი ცხრავე აბიტურიენტი საკარანტინე სივრცეში განთავსდა.
მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებით PCR ტესტი და საგნებს აბარებენ სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში.
























