10:16 | 2021-06-02 ავტორი: Prime Time

სამხრეთ აფრიკულ შტამზე ვაქცინები ნაკლებად ეფექტურად მოქმედებენ – ივანე ჩხაიძე

სამხრეთ აფრიკულ შტამზე ვაქცინები ნაკლებად ეფექტურად მოქმედებენ – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი ვაქცინის მიმართ უფრო მეტად მდგრადია სხვა შტამებთან შედარებით.

 

ამასთან,  ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ სამხრეთ აფრიკული შტამი ვირუსის სხვა შტამებთან შედარებით მეტად გადამდებიცაა.

 

„სამხრეთ აფრიკული შტამის ერთ-ერთი განმასხვავებელი თვისება გახლავთ მისი უფრო მეტი მდგრადობა ვაქცინის მიმართ. დიახ, ამ შტამზე ვაქცინები მოქმედებენ, მაგრამ ნაკლებად უფრო ეფექტურად, ვიდრე ჩინური შტამის საწინააღმდეგოდ. ეს ეფექტურობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ბრიტანული ან ინდური შტამების შემთხვევაში. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება სამხრეთ აფრიკული მუტაციისა. ეს არის ის გამომწვევი, რომელიც უფრო იოლად ვრცელდება, უფრო მეტ ადამიანს ასნებოვნებს და ვაქცინების ზემოქმედება ამ შტამზე არის შედარებით ნაკლები“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

ცნობისთვის, კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„საუბარია B.1.351 შტამზე, რომელიც დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს მოგზაურობის ისტორიით… კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სრულად განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ასევე ნახეთ: რატომ ინფიცირდებიან ადამიანები ვაქცინაციის მიუხედავად – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

 

ავტორი: Prime Time

X