
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დღითი დღე იმატებს, მომატებულია გარდაცვლილთა რაოდენობაც. ქვეყანა ახალი ტალღის წინაშე დგას. ეპიდემიოლოგები და ქვეყნის პირველი პირები საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებენ.
„მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული: სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდ პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მედიას მივმართავ, რათა გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საინტერესოა რა ხდება სხვა ქვეყნებში. როგორ ებრძვიან პანდემიას და აქვთ თუ არა ეკონომიკური კრიზისი? ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ ემიგრანტებს დაუკავშირდა.
თურქეთში მცხოვრები ემიგრანტი, ციცინო ქართველიშვილი:
„თურქეთში კატასტროფული მდგომარეობაა, ეკონომიკურადაც გაჭირდა, პროდუქტების ფასმა იმატა. ყველაფერი ცუდისკენ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ მეგონა გამოსწორდებოდა მდგომარეობა. პროდუქტების გაძვირებას კორონავირუსს ვერ დავუკავშირებ, რადგან აქ თურქეთის ეკონიმიკაზეა საუბარი. როგორც კი დოლარის კურსი აიწევს, იმ წამსვე ძვირდება პროდუქტი.
თურქები, ახლა იმისთვის იბრძვიან, რომ ბავშვები აცრან. შეზღუდვები არანაირი არ არის, მაგრამ ეს ორი დღეა მოქალაქეები პროტესტს აცხადებენ, რადგან უფრო იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა და ბევრი ადამიანია ვინც ქუჩაში პირბადესაც არ ატარებს. ახალი ტალღის საშიშროება დგას და ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს ეტაპიც გადალახონ. სახელმწიფო მოუწოდებს მოქალაქეებს აცრისკენ“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ემიგრანტი, ციცინო ქართველიშვილი.
გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი, ქეთი ატანელი:
„გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს, არიან ადამიანები, რომლებიც იცრებიან და პირიქით, რომელებიც წინააღმდეგი არიან. აქ პირბადეები გარე სივცრეში არაა სავალდებულო, ჩვეულებრივად შეგიძლია გადაადგილება, მაგრამ არის დაწესებულებები, სადაც აცრის დამადასტურებელი საბუთის გარეშე არ გიშვებენ. აცრილთა რაოდენობამ 67 პროცენტს მიაღწია.
რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, ერთი წელია პროდუქტებზე დავდივარ და ცვლილება არაფერზე შემინიშნავს. პროდუქტებს ისევ ის ფასი აქვს რაც ადრე. ეკონომიკურადაც ქვეყანა ძლიერია“,- ამბობს ქეთი ატონელი.
იტალია – თათია სოლომნიშვილი
„იტალიაში ყველა დაწესებულებაში ვაქცინას ითხოვენ. სამსახურს ისე ვერ დაიწყებ თუ ვაქცინირებული არ ხარ და დაწესებულებებშიც ვერ შეხვალ კოვიდ პასპორტის გარეშე. პროდუქტების ფასები იგივეა. საწვავის ფასი გაიზარდა.
საბერძნეთი – ქეთი ჭარელიშვილი-მუხას
„საბერძნეთში მკაცრი კონტროლია, დღეის მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა 6 000-ს გადასცდა და საბერძნეთმა შეზღუდვები დააწესა. ადამიანები სწრაფი ტესტით შევლენ მაღაზიებში, პირბადე ყველგან სავალდებულოა. ტაძარშიც მხოლოდ ტესტის პასუხით იქნება შესვლა შესაძლებელი, ეს კანონი ახლა უნდა დამტკიცდეს. მოსალოდნელია კომუნალურების გაძვირება. 20 პროცენტიც ძვირდება. ფასი ყველაფერს მოემატა და ძალიან ძვირი გახდა ცხოვრება“,- ამბობს ქეთი ჭარელიშვილი-მუხას.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















