
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ეპიდემიოლოგი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გამო, ლეტალური შედეგი აუცილებლად იქნება.
მისი თქმით, მაჩვენებლები ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, – ამის შესახებ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
მისივე პროგნოზით, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში დადგება, შემდეგ კი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიკლებს.
„ჩემი პროგნოზით ინფექციის რაოდენობა მოიმატებს, სამწუხაროდ გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0, ეს არის სიკვდილი, გარდაცვალების შემთხვევები.
შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ იქნება ასეულები, და არა ათასეულები.
როდის დამთავრდება და როგორ მოვერევით, რთული კითხვაა, არავინ იცის როგორ მოიქცევა კორონავირუსი, რადგან ახალი ვირუსია“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















