
ნონა გაფრინდაშვილი 80 წლისაა. ლეგანდარული მოჭადრაკე თავს მხნედ გრძნობს, გონებას ვეტერანთა ტურნირებში მონაწილეობით კვლავაც ავარჯიშებს და ამ გადასახედიდან მიიჩნევს, რომ ბედნიერია.
ერთი ქალის ბიოგრაფიისთვის წარმოუდგენელი მიღწევების ჩამონათვალია: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და ვაჟთა შორის, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი, ჭადრაკის ოსკარის პირველი მფლობელი.
სპორტის და ჭადრაკის ისტორიაში ნონა გაფრინდაშვილი 1978 წელს შევიდა, როცა პირველმა ქალმა მსოფლიოში დიდოსტატის („გროსმეისტერის“) წოდება მიიღო. ჯერ კიდევ მონაწილეობს ტურნირებში – 2019 წლის ნოემბერში 65 წელს გადაცილებულ ქალთა შორის (ბუქარესტში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში) გაიმარჯვა და თავისი წარმატებებით მაგალითს აძლევს საქართველოს ახალგაზრდებს, თუ როგორ შეიძლება ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდეს და ვარსკვლავის სტატუსი მიიღოს.
და მაინც, როგორია მისი განწყობა დღეს, 80 წლის ვარსკვლავის. ის ამაზე “პრაიმტაიმს” ესაუბრა.
ნონა გაფრინდაშვილი: – რომ გითხრათ, რომ გადასარევი შინაგანი განწყობა მაქვს-მეთქი, ვერ გეტყვით. ახალგაზრდობა ჯობია, მაგრამ ეს ცხოვრება… ისე ჩქარა გარბის წლები. ზამთარი არ მიყვარს. თბილი ამინდების სეზონები კი ისე გარბის, უკან მოხედვას ვერ ასწრებ.
ამ პანდემიაში ამაზე რთულია საუბარი, თუმცა საიუბილეო და სერიოზული ასაკია. განსაკუთრებულს ვერაფრს ვგრძნობ.
იყო პერიოდი მიყვარდა დაბადების დღის აღნიშვნა. ქვეყანაში არსებული სიტუაცია არ მიქმნიდა იმის განწყობას, რომ აღმენიშნა. იყო საიუბილეო თარიღები, რომელიც ბადრი პატარკაციშვილმა გადამიხადა, სახელმწიფოს ჩართულობით ჭადრაკის ფედერაციამ გადამიხადა.თუმცა, ჩემი ნებით, მე არ გადავხდიდი.
ტელეფონზე ზარი არ წყდება, ფაქტობრივად, სულ ხელში მიჭირავს და მილოცვებს ვიღებ. სრულიად უცნობი ადამიანიც რომ მილოცავს, ან ზარით, ან მესიჯით, ისე ვიღებ, თითქოს შინაური მილოცავდეს. რაც მე და ჩემს თაობას გვქონდა, ეს იყო ხალხის სიყვარული. ჩვენ საზოგადოების პატივისცემას ყოველთვის ვგრძნობდით, ამიტომ უცნობებისგან მილოცვა არ მიკვირს.
ძალიან საინტერესო ცხოვრება გავიარე. ჩემი ცხოვრების არსი ჭადრაკი იყო. მსოფლიო მოვიარე, ყველგან უპრობლემოდ, ხალხი ყველგან მიღებდა თბილად. დადებით დამოკიდებულებას მუდმივად ვგრძნობდი. ამ ყველაფერმა შექმნა ჩემი სახელი, დადებითი ემოციები დამიტოვა.

როცა წლები გემატება და ყველაფერს თავს ანებებ, აი, მაშინ სწრაფად ხდება დაბერება. მე შინაგანი განწყობით და აზროვნებით, ჯერჯერობით, არაფერი დამიკარგავს. ეს იმიტომ, რომ მე თამაშს ვაგრძელებდი, სიამოვნებას ვიღებდი ვეტერანთა ტურნირებში თამაშებით. ახლა პანდემიამ შემიშალა ხელი და მთელი ეს პერიოდია აღარ მიმიღია მონაწლეობა ამაში.
როცა საჭადრაკო სამყარო იკრიბება, იქ ნაციონალობას ვერ გრძნობ. ბევრს წარმატების მიღწევა უნდა, მაგრამ ბევრი უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად ჩადის. ყველა ერთმანეთს ეფერება, ტკბილად ხვდება. წლიდან წლამდე, ამ სამყაროში ვტრიალებ. ამიტომ სანამ აზროვნებას დავკარგავ, მანამ ღონისძიებებში მონაწილეობას გავაგრძელებ. ეს მე მჭირდება. დადებით განწყობას მიქმნის. ეს დადებითი ემოციები კი ცხოვრებას მიხანგრძლივებს.
– თამაშების გარდა, რას აკეთებთ საიმისოდ, რომ ამ ასაკშიც, გონებრივად, ფორმაში ხართ? ვთქვათ, შავი შოკოლადის მიღება და ა.შ
– არაფერს განსაკუთრებულს. ამაზე არც მიფიქრია. შავი შოკოლადი კი მიყვარს და ზომიერად ვიღებ. პარტიის დროს, მშიერზე ვერ შევჭამდი შოკოლადს. თუმცა უარს არასდროს ვამბობდი ყავაზე, ჩაიზე, შოკოლადზე.
ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. გეტყვით, რითი ვერთობი – ვუყურებ სპორტს, ვკითხულობ წიგნებს და ვუყურებ ფილმებს. ხელში მიჭირავს აიპადი, ვტვირთავ სასურველი ჟანრის წიგნებს და ვკითხულობ. ძირითადად, ესენი ბესთსელერებია. ვკითხულობ მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის წიგნებს და ფილმებშიც ამ ჟანრს ვირჩევ, რომ სიამოვნება მომანიჭოს და დრო გავიყვანო. პანდემიას ასე ვუმკლავდები. სერიოზული ლიტერატურის კითხვის დრო წავიდა ჩემთვის. კარგ კომედიაზე უარს არ ვამბობ. სერიალებს ტელევიზორში არ ვუყურებ, რეკლამების გამო. თუ სერიალის სინოფსისი მომეწონება, კომპიუტერში ჩემებს ჩავატვირთინებ და ვუყურებ, რომ უცებ გავირბინო სერიები. იმდენი დრო მაქვს, ხელს არაფერი მიშლის.
– და მაინც, რატომ ითვლება ჭადრაკი სპორტის სახეობად?
– როგორ ფიქრობთ, მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლა, დამარცხება, გამარჯვება, ეს უკვე სპორტი არ არის? მესმის, რომ მთლიანად სტრატეგიაზე აგებული ინტელექტუალური თამაშია, მაგრამ სპორტის ნებისმიერ სახეობას სჭირდება ინტელექტი. ჭადრაკში სპორტის ელემენტებიც შედის და ბევრი სხვა რამეც – ხელოვნებაც და მეცნიერებაც. ახალგაზრდებს, ვინც ჭადრაკს თამაშობს, ბევრ რამეში ეწყობათ ხელი.
– თქვენი საყვარელი ფიგურა?
– ის ფიგურა, რომელიც მომაგებინებს. ყველა ფიგურას თავისი ადგილი აქვს. პოზიციებს გააჩნია. ყველა ფიგურა მეფისთვის იბრძვის, რა თქმა უნდა. ყველას თავისი ფუნქცია აქვს. უდიდესია ლაზიერი, ყველაფერი შეუძლია. არის პოზიციები, სადაც მხედარი აკეთებს კარგ სვლებს.
ახლა გამახსენდა, 60-70-იან წლებში, ჩვენი სუნამოს ქარხანა უშვებდა “ლაზიერს” და “პაიკს”. ლაზიერი იყო ჩემი სახელობის სუნამო და პაიკი – ნანა ალექსანდრიას სახელობის. ნანას უკითხავს, კი მაგრამ, რატომ არის ჩემი სახელობის სუნამო პაიკიო? ეს ლაზიერში გამსვლელი პაიკია, უპასუხეს. ამაში სიმართლეა. ზოგჯერ მოგებას მსუბუქი ფიგურა აკანონებს.
ლამაზი ფლაკონები ჰქონდა ამ სუნამოებს, ერთადერთი რა მინუსიც ჰქონდა, ის იყო, რომ თავი კარგად არ ეხურებოდა და აორთქლება ხდებოდა. მაგრამ ამ სუნამოებს უფრო “სუვენირის” დატვირთვა ჰქონდა.
– და დღეს, თვალს რომ გადაავლებთ ცხოვრებას, რა გრძნობა გეუფლებათ?
– დასამწყუხრებელი არაფერი მაქვს. რაც შეიძლებოდა, ყველაფერს მივაღწიე. მიმაჩნია, რომ სადღაც, ბედნიერი ადამიანი ვარ. რაც მთავარია, ხალხის სიყვარული დავიმსახურე. ჩემი თაობის ყველა სპორტსმენისთვის ეს იყო მთავარი. ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი მონაპოვარია ჩემთვის.
























