
პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეებს ვისაც საავტომობილო გზებზე ამოწმებენ, იმ შემთხვევაში თუ დაუფიქსირდებათ 37.5 გრადუსი ტემპერატურა, ე.წ ცხელების ცენტრში გადაიყვანენ.
მისი თქმით, ცხელების ცენტრმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მათ შორის ექიმებშიც.
ის მოუწოდებს კოლეგებს გამოიჩინონ მაღალი პროფესიონალიზმი.
„ტემპერატურის სტანდარტი არის 37.5, ეს ეხება ყველას. ეს უკვე არის საყურადღებო ტემპერატურა, რომლის შემთხვევაშიც საჭიროა დაკვირვება.
ე.წ ცხელების ცენტრებზე დიდი აჟიოტაჟია შექმნილი, ჩემი კოლეგების ნაწილიც ძალიან შეშფოთდა ამ ცხელების ცენტრზე და კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით.
ეს ყველას არ ეხება, ცოტა იყო ასეთი, მაგრამ იმიტომ ხართ ექიმები და იმიტომ მუშაობთ იქ, რომ ცხელებიან ავადმყოფს როდესაც მიიღებთ მერე, ცოტა ტრიაჟი უნდა ჩაატაროთ, რომ გამოიკვლიოთ ეს ცხელება რითია გამოწვეული.
იქნებ უბრალოდ ინერვიულა ადამიანმა. ეს ხომ არ არის აუცილებლად კორონავირუსით გამოწვეული სიცხე.
სანამ დავასახელებდე იმ ექიმებს, გთხოვთ, თქვენს პროფესიას მოეკიდოთ პროფესიონალურად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















