14:52 | 2020-03-09 ავტორი: Prime Time

საპარლამენტო არჩევნები 120:30-ზე პროპორციით გაიმართება

საპარლამენტო არჩევნები 120:30-ზე პროპორციით გაიმართება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120:30-ზე პროპორციით გაიმართება. რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსესუსი მიღწეულია.  პარლამენტი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით დაკომპლექტდება, ხოლო საარჩევნო ოლქები სამართლიანად გადანაწილდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მინიმალური ბარიერი 1% იქნება. ამასთან ერთად, იმოქმედებს 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ თუ პარტია 40%ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ის უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებს.

 

„ურთიერთგაგების მემორანდუმი ამ დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს. საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს. ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. მანდატების პროპორციული განაწილების წასახალისებლად, დამატებითი ჩამკეტი მექანიზმები და შეზღუდვები დადგინდება საარჩევნო კანონმდებლობით. 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გადახრა მათი საერთო საშუალო მაჩვენებლიდან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოლქების საქართველოს რეგიონების ფარგლებში ფორმირებას, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ოლქების განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს სამი გამონაკლისისა უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის წარმომადგენლობის წასახალისებლად ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების გასათვალისწინებლად. საპარლამენტო უმრავლესობა საჯაროდ წარმოადგენს საარჩევნო ოლქების განაწილების თაობაზე მის წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტში ინიცირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.“- წერია მემორანდუმში.   

მიღწეულია წარმატებული შედეგი - კარლ ჰარცელი პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების მიღწევას ულოცავს
2020-03-09მიღწეულია წარმატებული შედეგი - კარლ ჰარცელი პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების მიღწევას ულოცავს

 

მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა არსებითად პროპორციული სისტემა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. პოლიტპატიმრების საკითხი განზოგადდა და მემორანდუმში მართმსაჯულების უმაღლესი სტანდარტების დაცვით განისაზღვრა. აღნიშნულ მემორანდუმს  „პატრიოტთა ალიანსმა“ ხელი არ მოაწეწრა.

 

„ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის  მნიშვნელობას. მიუხედავად  განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები  თავიდან უნდა იქნეს აცილებული.“- ვკითხულობთ მემორანდუმის ტექსტში.

 

აღნიშნულ ტექსტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდში განსხვავებული განმარტება მოჰყვა. „ქართულ ოცნებაში“ საუბრობენ, რომ ეს არის კიდევ ერთი პირობა, რომ მართმსაჯულება გავლენებისან კვლავ თავისუფალი იქნება , ხოლო რაც შეეხება პოლიტიკოსების გათავისუფლებას, მმართველი გუნდი ამ საკითხზე არ კონკრეტდება. ოპოზიციაში კი პირიქით, ამ ჩანაწერის მიხედვით, იმედოვნებენ, რომ  ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას, ბესიკ თამლიანის შემთხვევაში პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახეს შეცვლის, ხოლო გიგი უგულავას შემთხვევაში პრეზიდენტი დისკრეციულ, შეწყალების უფლებას გამოიყენებს.

 

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, მითუმეტეს, როდესაც საუბარია, მაგალითად 48 მილიონის მოპარვაზე ამ საკითხს ჩვენ პოლიტიკურ ჭრილში ვერ განვიხილავთ, იგივე ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც იჭრებოდნენ პარლამენტის შენობაში და ცდილობდნენ ხელისუფლება შეეცვალათ ძალადობის გზით. მართლმსაჯულების მემორანდუმში შეთანხმება არის უაღრესად ზოგადი სახის, ბუნებრივია აქ ვერც სახელები და გვარები, ვერც დანაშაულის კატეგორიები ვერ დაფიქსირდება. ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ სულისკვეთებას, რომ არავითარი პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს არც ერთი ორგანოს მუშაობაში“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   

მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება - სალომე ზურაბიშვილი
2020-03-09მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება - სალომე ზურაბიშვილი

 

„პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ყველა პოლიტიკური დევნისთვის, შეთითხნილი საქმეები გაჩერდება. გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს, ამის გარანტი არ არის არავინ, ამის გარანტი არიან ჩვენი ფასილიტატორები. შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, უნდა შეწყდეს. ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგიძლიათ დაარქვათ პოლიტპატიმები, შეგიძლიათ დაარქვათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები, შეგიძლიათ დაარქვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. გვარები ჩამონათვალი ასჯერ მაქვს გაკეთებული, ყველაფერი იცით. ამის გარეშე შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

მემორანდუმში ვკითხულობთ, რომ თუ 2020 წლიდან – 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნა, ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წესით ჩატარდება.

 

„2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.“- წერია მემორანდუმში.

 

შეხვედრასა და მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურნენ მოლაპარაკებების ფასილიტატორი დიპლომატებიც. ისინი დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოს დემოკრატიის გზაზე, ერთ-ერთ საყრდენად მიიჩნევენ.

 

„ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს – ხალხისა და ქვეყნის – საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებაში.

 

ცვლილებები პარლამენტში ოთხშაბათამდე უნდა შევიდეს.

ავტორი: Prime Time

X