
„თუ ჩემი პასუხი იქნება მხოლოდ დარგობრივი, მე მომხრე ვიქნებოდი, რომ სრული კარანტინი ყოფილიყო. ანუ, არა ორ მეტრიანი დისტანცირება, არამედ ბოლომდე სახლში დარჩენა“ – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ საპატრიარქოსთან შემდგარი შეთანხმება ამ ვითარებაში ოპტიმალური გამოსავალი იყო.
„დღეს შექმნილი რეალობით, გასათვალისწინებელია საზოგადოების ის ნაწილი – მრევლი, რომელიც ამას სხვაგვარად უყურებს. რა თქმა უნდა მათი პოზიცია ანგარიშგასაწევია, მაგრამ არა ისე, რომ ამით საზოგადოების მეორე ნაწილი გაიწიროს.
ვფიქრობ, რომ საპატრიარქოსთან შემდგარი შეთანხმება არის ოპტიმალური ვარიანტი. მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები, იმიტომ რომ იქ სიმჭიდროვე გაცილებით მეტია და დისტანცირების საშუალება ნაკლები, დიდ ტაძრებში კი ამ რეგულაციების დაცვის შესაძლებლობა უფრო დიდია“, – აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
დიმიტრი ხუნდაძე ასევე განმარტავს, რომ აღდგომის ღამეს, კომენდანტის საათის დარღვევისთვის მოქალაქეები დადგენილი რეგულაციებით, კანონის შესაბამისად მაინც დაჯარიმდებიან.






















