
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ კრიტიკას უპასუხა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ქვეყანას პენსიონერებისთვის სხვა რეზერვი არ აქვს, ამიტომ ეს ფონდი პანდემიის პირობებშიც ხელშეუხებელი უნდა იყოს.
„საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი, ამ ფონდს ვერავინ შეეხება. ეს უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას არ აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომ რეზერვები გააკეთოს ათობით მილიარდი, რომელიც იქნება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის.
საპენსიო რეფორმაზე შეიძლება კითხვის ნიშნები იყოს, რატომ არის სავალდებულო ან არ არის. კანონი არის ამ პარლამენტის მიერ მიღებული. ამ ფონდში არის დაგროვილი 772 მილიონი ლარი, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული და არა დღეს კრიზისში.
თქვენ ადამიანებს ეუბნებით, რომ ხალხო აგერ 772 მილიონი სახელმწიფოს უდევსო და არ ხარჯავსო. თქვენ რომ დღეს კრიზისში ხართო, არ გაძლევთო.
მაშინ არ ეუბნებით, რომ ამ ფონდში მათი ფულის გარდა, კომპანიების ფულიც არის, სახელმწიფოს ფულიც არის და ეს არის ქვეყნის ფინანსური მდგრადობა.
ამ ქვეყანაში ადამიანები პენსიაზე, რომ გავლენ სხვა რეზერვი არ აქვს. დღეს როდესაც კრიზისიც სიღრმესაც ვერ ხვდები, არ ვიცი სამ თვეში რა იქნება, ექვს თვეში რა იქნება და თქვენ მეუბნებით/ხალხს ეუბნებით რომ ეს ფული გამოვიტანოთ.
არცერთ ქვეყანას მსგავსი სისულელე არ გაუკეთებია, არც მსგავსი მოწოდება არ ყოფილა“ , – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.























