
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, საზღვარზე შემოსულ საერთაშორისო გადაზიდვის ყველა მძღოლს, სწრაფი ტესტი ჩაუტარდება.
„საზღვარზე შემოსვლისთანავე, ყველა მძღოლს ჩაუტარდება Covid ინფექციაზე სწრაფი მარტივი ტესტი, როგორც ანტისხეულებზე, ასევე – ანტიგენზე.
ამ პროცედურას, პასუხის გაცემის დროის ჩათვლით, სავარაუდოდ, ნახევარი საათი დასჭირდება. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლი გააგრძელებს გზას.
ნებისმიერი ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლს ცხელების ცენტრში გადაიყვანენ.”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
სწრაფი ტესტით გამოვლენილ საეჭვო შემთხვევას, სპეციალისტები ლაგოდეხის კლინიკა „არქიმედე“-ში მოათავსებენ და PCR ტესტირებისათვის ბიოლოგიურ ნიმუშს აუღებენ.
ტესტის ჩასატარებლად ლაგოდეხის საბაჟოს ოთხი თანამშრომელია გადამზადებული.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთიდან ლუგარის ცენტრში, სულ 4038 ნიმუშია გადაგზავნილი.
რეგიონში Covid19- ის დადსტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ გამოვლენილა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
























