
დიდი ვნებათაღელვისა და ბრალდებების შემდეგ ვაქცინების ქვეყნებზე გადანაწილების პლატფორმის მიერ გამოქვეყნებულმა სქემამ შესაძლოა, ოდნავ დამშვიდების საფუძველი მოგვცეს.
3 მარტს Covax-მა მონაცემები დააზუსტა და საქართველო იმ 18 ქვეყანაში შეიყვანა, რომელიც “ფაიზერს” გამონაკლისის წესით მიიღებს.
პირველ ეტაპზე ვაქცინების განაწილებისთვის 142 ქვეყანაა გათვალისწინებული, ვინც „ფაიზერს“ და „ასტრაზნეკას“ მიიღებს. იდენტიფიცირებულია 18 ქვეყანა, რომელთა შორისაც საქართველოა.
დოკუმენტის მიხედვით, „ასტაზენეკას“ ალოკაციაში ასახულია 129 000 დოზა ვაქცინა, რომელიც პირველ ეტაპზე უნდა შემოვიდეს საქართველოში.
“ფაიზერი“, “ასტრაზენეკა” და “ნოვავაქსი” – დაპირება სამივეზე მიღებულია, შემოტანის დრო უცნობია
„ფაიზერის“ 30 000 დოზა როდის შემოვა საქართველოში, მარტის ბოლოს გახდება ცნობილი.
„ასტრაზენეკა“ – 130 000 დოზა ქვეყანაში მაისის ბოლომდე უნდა შემოვიდეს, ხოლო „ნოვავაქსზე“, რომელიც ჯერ არ არის ავტორიზებული, თუმცა, მაღალი სანდოობით სარგებლობს, მოლაპარაკებები დაწყებულია.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ არაა გამორიცხული, საქართველომ კოვაქს პლატფორმას უჩივლოს, ვინაიდან რეპუტაციულ რისკებზეცაა საუბარი.
„ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კოვაქს პლატფორმასთან 18 სექტემბრის შემდეგ, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან წერილობით, რომ ჩვენ რაიმე სახის შეცდომა დავუშვით ან დროული პასუხი მათ არ გავეცით, ამ კომუნიკაციის წერილებში მსგავსი პასუხი არასდროს მოსულა.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ კოვაქს პლატფორმა ერთხელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ კოვაქს პლატფორმას უჩივლა და შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ველოდებით ჯერ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა”, – განაცხადა ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტკარაძის განცხადებას ემიჯნება და მბობს რომ ჩივილის დრო არ არის.
„დაახლოებით ის რომ ვთქვა – „მე ქვევითა ვარ, შენ ზევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო”. ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ, აი, ასეთ სიტუაციაში ვართ”,– განაცხადა იმნაძემ.
პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ ზაფხულისათვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ.
„ავტორიზაციას ამჟამად გადის კიდევ რამდენიმე ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. მოგეხსენებათ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მესამე დღეა წასულია.
მათ შორის ინდოეთში პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარკვეულ მწარმოებლებთან, რომლებიც ავტორიზირებულ ვაქცინებს აწარმოებენ.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისათვის გეგმას არამხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ კიდეც. იმედი გვაქვს, რომ მარტში დავიწყებთ პირველი პარტიებით ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაციას“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოს უკეთ უმკლავდება ეპიდვითარებას, ვიდრე ისრაელი, რომელმაც ვაქცინა უკვე მიიღო. რადგან ვაქცინის მიუხედავად ისრაელში 10-ჯერ მეტია ინფიცირების შემთხვევები.
„ისრაელში, რომელმაც მოსახლეობის პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა, ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ბოლო 1 კვირაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა 4000-ზე დაბლა არ ჩამოდის.
მე ეჭვის ქვეშ კი არ ვაყენებ ვაქცინის ეფექტურობას, არამედ ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება, სხვა ეპიდზედამხედველობის ზომები უნდა გაგრძელდეს, სანამ ვაქცინის პარალელურად, ეფექტური, ანტივირუსი მედიკამენტი არ იქნება გამოგონებული.
ვიტყვი და ვინც უნდა შემომედავოს – ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ალბათ უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის. რადგან, მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი შემთხვევები აქვთ ინფიცირების. არ უნდა დავაკნინოთ ჩვენი ყველაფერი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ვაქცინის დაგვიანება კიდევ ერთი საბაბი გახდა პოლიტიკოსებისთვის, გააკრიტიკონ ქართული ჯანდაცვისსისტემა. უფრო მეტიც, ოპოზიციონერმა შალვა ნათელაშვილმა მათ თაღლითებიც კი უწოდა.
„შეთანხმდნენ იმ ვაქცინის მოწოდებაზე, რომელიც არ გამოსულა, არ შემოწმებულა და ნებართვაც რა თქმა უნდა, არ გაცემულა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ივნისამდე პანდემია ისედაც დამთავრდება ან წარმატებით მოვიხდით. მიმიქარავს ოსტაპ ბენდერი ვასიუკში. არა რა, ვფიქრობ ამდენი თაღლითი ერთ კვადრატულ მეტრზე ასეთ პატარა ქვეყანაში მართლაც მეტის მეტია“, – დაწერა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში.
პარალელურად მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა აქცია „სად არის ვაქცინა?“. აქციაში მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა.
ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თარიღებზე მეტად მნიშვნელოვანია გეგმის წარმატებით შესრულება, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლების მთელი ვერტიკალი.
მისი თქმით, მთავარია არა ის, „2 კვირით ადრე შემოვა ქვეყანაში ვაქცინა, თუ 2 კვირით გვიან, არამედ 2 კვირით ადრე დასრულდება ვაქცინაცია თუ 2 კვირით გვიან“.
„დაწყება არ არის, თვითმფრინავის კადრის ჩვენება, როგორ ჩამოვიდა პირველი ვაქცინა და პირველმა იღბლიანმა როგორ გაიკეთა. მილიონ მეექვსასე ათასი როგორ გაიკეთებს ამ ვაქცინას, ამ კადრის ჩვენებაა ჩვენთვის პანდემიური შეზღუდვებისგან განთავისუფლების თანასწორი. კამპანია უნდა იყოს, არა სად არის ვაქცინა, არამედ სად არის 40%-ის ვაქცინა“, – ამბობს აკაკი ზოიძე.
რა ვიცით Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე
აშშ-ს ფარმაცევტული კომპანია, Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორის ბიოტექნოლოგიების კომპანია – BioNTech-ის წარმომადგენლების განცხადებით, მესამე ფაზის მიმდინარეობისას ჩატარებული კვლევის პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა 90%-ით ეფექტურია.
Pfizer/BioNTech-ის ცნობით, კვლევის პროცესში გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. აღსანიშნავია, რომ მასშტაბური კვლევის დაწყებამდე, ჯერ კიდევ მაისში კომპანიებმა მცირე კლინიკური კვლევები ჩაატარეს, რათა მალევე გამოევლინათ გვერდითი მოვლენები.
კერძოდ, მათ ვაქცინის 4 ვარიანტი შეამოწმეს და შეარჩიეს ის, რომლის გამოყენებასაც თან სდევდა მხოლოდ მსუბუქი და ზომიერი გვერდითი მოვლენები – მაგ: სიცხე და დაღლილობა.
რა ვიცით Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინაზე
BBC-ის ინფორმაციით, Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის დასამზადებლად მეცნიერებმა გრიპის ვირუსის სუსტი ფორმა, ე.წ. ადენოვირუსი გამოიყენეს.
მეცნიერებმა ადენოვირუსს ფორმა შეუცვალეს, რათა უფრო მეტად მიემსგავსებინათ კორონავირუსისთვის.
ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემას ანტისხეულების გამომუშავებისკენ უბიძგებს, რათა ინფიცირების შემთხვევაში, ვირუსის დამარცხება ადვილად მოხდეს.
რა ვიცით Novavax-ის ვაქცინის შესახებ
Novavax-ი ამერიკული ვაქცინის შემქმნელი კომპანია, რომლის სათაო ოფისი გეითერსბურგში, მერილენდის შტატში მდებარეობს. კომპანია 1987 წელს დაარსდა.
Novavax-ი ძირითადად ფოკუსირებული იყო ექსპერიმენტული ვაქცინის შემუშავებაზე, რომელსაც 2021 წელს მიაღწია.
Novavax COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ 89.3 პროცენტში ეფექტურობა აჩვენა, მათ შორის სხვადასხვა შტამებზეც – კლინიკური ეფექტიანობა დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის შტამებზეც დაფიქსირდა.
“ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მძიმე ინფექციური დაავადებების ახალი თაობის ვაქცინებს აწარმოებს, გამოაცხადა, რომ NVX-CoV237-ის ცილაზე დაფუძნებული COVID-19 ვაქცინამ მოთხოვნები დააკმაყოფილა.
კვლევა კორონავირუსის მაღალი გადამდები პერიოდის განმავლობაში ჩატარდა, როცა ვირუსის ბრიტანული ახალი შტამი გაჩნდა და ფართოდ ვრცელდებოდა. მოგვიანებით, ნოვავაქსმა გამოაცხადა სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული 2b ეტაპის კვლევის წარმატებული შედეგებიც.
“NVX-CoV2373- ი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მსოფლიო კრიზისის მოგვარებაში. ჩვენ ველით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, თანამშრომლებთან, მკვლევარებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად მთელ მსოფლიოში, რათა ვაქცინა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს. ” – თქვა სტენლი ც. ერკმა, Novavax- ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

PTN.GE























