
„ვიმედოვნებ, რომ როგორც კი კორონავირუსი დამარცხდება და ხალხი დაიწყებს ფიქრს, თუ სად გაატარონ თავიანთი შვებულება, ისინი გაითვალისწინებენ თბილისსა და საქართველოს როგორც ახალ და ამაღელვებელ შესაძლებლობას“, – ამის შესახებ ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს საპატიო კონსული ბრისტოლში დერეკ პიკაპი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მისი თქმით, საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ რეაგირების საუკეთესო მაგალითი აჩვენა.
„ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ რთულ პერიოდში მივესალმებით დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახალ ელჩს და მსურს მეც მივულოცო მას.
ყველა ჩვენგანისთვის ეს არის დრო ჩვენს ცხოვრებაში დაფიქსირებისთვის. ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც კორონავირუსზე რეაგირების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითს.
ზოგიერთი ქვეყნისგან გასხვავებით, რომელთა რეაგირება ძალიან ნელი იყო, საქართველომ დაუყოვნებლივ დახურა თავისი საზღვრები, გამოაცხადა კარანტინი და შეზღუდა გადაადგილება ქვეყნის შიგნით. ამან შედეგად გამოიღო კორონავირუსის შემთხვევების ძალიან მცირე რაოდენობა და გარდაცვალების მხოლოდ ხუთი შემთხვევა“
მისივე თქმით, საქართველოს საელჩო ასევე ძალიან აქტიური იყო ბრიტანეთში მცხოვრები თავისი მოქალაქეების მხარდაჭერაში.
„გამიმართლა, რომ ბრისტოლი თბილისთან დაძმობილებული ქალაქია და ბოლო 25 წლის განმავლობაში მე როგორც ბრისტოლი-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარეს და ახლა უკვე დიდ ბრიტანეთში საქართველოს საპატიო კონსულს მაქვს შესაძლებლობა, ვნახო, თუ როგორ განვითარდა ის.
25 წლის წინ, როდესაც მე პირველად ვეწვიე თბილისს, მისი ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა იყო დანაწევრებული უმუშევრობის მაღალი დონით, დაბალი შემოსავლით და სამომავლო მიმართულების უქონლობით.
საქართველო მნიშვნელოვნად შეიცვალა და თავის დედაქალაქ თბილისთან ერთად არის დინამიური ქვეყანა საკუთარი მიზნის გააზრებით. ტურიზმი მისი ეკონომიკური აღორძინების მთავარი ნაწილი გახდა და ჯოანა ლუმნისთან ერთად აბრეშუმის გზის შესახებ და მაიკლ პორტილიოსთან ერთად დიდი სარკინიგზო მოგზაურობების შესახებ გადაცემებმა შეგვიქმნა წარმოდგენა, თუ რა საოცრებების შეთავაზება შეუძლია ამ ქვეყანას.
ვიმედოვნებ, რომ როგორც კი კორონავირუსი დამარცხდება და ხალხი დაიწყებს ფიქრს, თუ სად გაატარონ თავიანთი შვებულება, ისინი გაითვალისწინებენ თბილისსა და საქართველოს როგორც ახალ და ამაღელვებელ შესაძლებლობას“, – წერს დერეკ პიკაპი.






















