
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, „კორონავირუსთან“ დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში მოგზაურობისგან. ინფორმაცია საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საელჩოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან.
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქ. უხანში (Wuhan) გამგზავრებისგან, ვინაიდან ქ. უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას.
გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან.
ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა არ არის დაწესებული.
საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს ცხელ ხაზს ნომერზე: +86 13716877635“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
31 დეკემბრიდან დღემდე „კორონავირუსით“ ინფიცირებულთა რიცხვმა 473 მიაღწია, მათ შორის 17 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.
ჩინეთიდან შემთხვევების ექსპორტი დადასტურებულია შემდეგ ქვეყნებში: ტაილანდი – 2, იაპონია -1, კორეის რესპუბლიკა -1, აშშ -1.






















