08:47 | 2020-10-31 ავტორი: Prime Time

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი გააკეთა – დარწმუნებული ვარ ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი გააკეთა – დარწმუნებული ვარ ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ოლქში, კოტე აფხაზის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე გააკეთა.

 

პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან:

 

„მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე. ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა. დღეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები ხმას აძლევენ ძალიან რთულ პირობებში. ქვეყანაში არის პანდემია. მაგრამ მოვუწოდებ ყველას, აქ მოსვლა უსაფრთხოა. დაიცავით დისტანცია. დარწმუნებული ვარ ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.

 

არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს, თუმცა წინასწარი გამოკითხვებით, ლიდერობს მმართველი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

 

თუ „ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელი არჩევნებიც უმრავლესობით მოიგო, ქვეყნის ისტორიაში ის გახდება პირველი მმართველი ძალა, რომელიც მესამე ვადით აირჩიეს.

 

რამდენ დეპუტატს ვირჩევთ?

 

საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, 150 მანდატიან პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით იქნება არჩეული და მხოლოდ 30 მაჟორიტარული წესით.

 

მანამდე მოქმედი კანონმდებლობით 77 დეპუტატი პარტიული სიით აირჩეოდა, ხოლო 73 დეპუტატი – მაჟორიტარული წესით. ანუ საქართველოში 73 მაჟორიტარული ოლქი იყო. ახლა კი, ეს ოლქები გამსხვილდა და სულ 30 მაჟორიტარული ოლქია.

 

ამ არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი ერთპროცენტიანია, ანუ პარლამენტში დეპუტატის გაყვანის შანსი აქვს იმ პარტიასაც, რომელიც ამომრჩევლის ერთპროცენტიან მხარდაჭერას მიიღებს.

 

ვინ დააკომპლექტებს მთავრობას?

 

ახალი კანონმდებლობით, მთავრობის დაკომპლექტების უფლება აქვს პარტიას, რომელიც პროპორციულ არჩევნებში მინიმუმ 40.5 პროცენტს მიიღებს. ეს გახლავთ ე.წ. ჩამკეტი ზღვარი, რომლის ქვემოთ მთავრობის ერთპარტიული დაკომპლექტების შანსი არ არსებობს.

 

ანუ, თუ პარტიამ 40.5 პროცენტზე ნაკლები აიღო, მას ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირების უფლება არ აქვს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს.

 

…და არც მხოლოდ 40.5 პროცენტიანი ზღვარის გადალახვა ნიშნავს მთავრობის გარანტირებულ ფორმირებას.

 

40.5 პროცენტი პროპორციული სიით მხოლოდ 48 ადგილს უზრუნველყოფს, ხოლო, იმისთვის, რომ 150 დეპუტატიანმა პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცოს, საჭიროა უმრავლესობის მხარდაჭერა – 76 მანდატი.

 

ანუ, პარტიას, რომელიც 40.5 პროცენტიან ზღვარს გადალახავს, დამატებით 28 მანდატი დასჭირდება იმისთვის, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. ეს 28 მანდატი ან მაჟორიტარული ოლქებიდან უნდა მიიღოს ანაც სხვა რომელიმე პარტიასთან კოალიციაზე უნდა იფიქროს.

 

კოალიციის შანსი…

 

ოპოზიციის და ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ 40.5 პროცვენტიან ბარიერს ვერცერთი, მათ შორის ვერც მმართველი პარტია გადალახავს, რაც დღის წესრიგში დააყენებს კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხს.

 

უნდა აღნიშნოს, რომ კოალიციური, ანუ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებისგან შემდგარი მთავრობა, აქამდე საქართველოში არასდროს ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სწორედ კოალიციის სახით მოვიდა და თანამდებობებიც სხვადასხვა პარტიის ლიდერებზე გადანაწილდა, თუმცა ეს გახლდათ უფრო ერთიანი საარჩევნო ბლოკით მოსული ხელისუფლება, ვიდრე კლასიკური კოალიციური მთავრობა.

ავტორი: Prime Time

X