
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო, უეფას გადაწყვეტილებით ზაფხულში გასამართი ერთა ლიგის შეხვედრები ისევ გადაიდო. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Facebook-გვერდზე დაიწერა:
„უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ივნისის სანაკრებო პაუზა გაუქმდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ყველა მატჩი გადაიდო.
შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართი ევრო პირველობის პლეი-ოფის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო და სავარაუდოდ ზაფხულის ნაცვლად მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.“ – ნათქვამია განცხადებაში.
თავდაპირველად, ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების შორის 26 მარტს უნდა გამართულიყო, ფინალი კი 30 მარტს უნდა ჩატარებულიყო.
Covid-19-ით გამოწვეული რთული მდგომარეობის გამო უეფამ შეხვედრები ივნისის თვეში გადაიტანა, თუმცა ზაფხულში თამაშების გამართვა ვერ ხერხდება.






















