
ხელოვნებათმცოდნე დოდოშკა ხურცილავა წლებია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ის მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას გუშინაც დაესწრო.
„პრაიმტაიმი“ ცნობილ ხელოვნებათმცოდნეს დაუკავშირდა.
– ქალბატონო დოდოშკა, წლები გავიდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თქვენ ისევ მისი აქტიური მხარდამჭერი ბრძანდებით…
– შეუძლებელია 9 წელიწადში ააშენო ის, რაც 30 წლის მანძილზე ინგრეოდა მიზანმიმართულად. თავდაპირველად მხარს იმიტომ ვუჭერდი ამ გუნდს, რომ მათ მოახერხეს ის ადამიანები მოეშორებინათ ჩვენთვის, რომელთა შესახებ, შესაძლოა აქამდე გაგებული გვქონდა, მაგრამ ახლა უკვე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ისეთი დასკვნები დადო, რომ შეძრწუნებულია ადამიანი.
ეს ხალხი – ნაციონალური მოძრაობა, სისტემურ დანაშაულებებს სჩადიოდა. მათ თავიანთი დაუდევრობის გამო, დაკარგეს ქვეყნის ტერიტორიები.
ვგიჟდები, ახლა რომ ამბობენ, სულს ამოგხდი, ყველას გიმახსოვრებთ, წელში გადაგტეხავ და ა.შ.
ე.ი. მიმახსოვრებ იმიტომ, ხელისუფლებაში როცა მოხვალ დედა მიტირო?!“
„ქართულ ოცნებას“ ნელ-ნელა წინ მიჰყავს ქვეყანა. „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა კი არის, ის, რაც უფრო ცუდად იქნება საქმე, მით უფრო კარგი. ნორჩი ლენინელებივით არიან.
– როგორ შეაფასებთ მათ მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს?
– სერგეენკოსთან, კახა კახიშვილთან, სოზარ სუბართან და ა.შ რა პრეტენზია უნდა ჰქოდნეს ადამიანს? კახიშვილმა საკონცენტრაციო ბანაკი ჩაიბარა და გამოასწორა. რა საჭიროა ახალი სახეები ვეძებოთ იქ, როცა გვყავს გამოცდილი ადამიანები?
ნაცებიც გამოცდილი გვყავს, რისი გამკეთებლები არიან.
თუ მხარში დავუდგებით „ქართულ ოცნებას“ ჩვენ, პარლამენტში აღმოჩნდება ჯანსაღი ოპოზიცია და არ იქნება დედის გინება, მაგრამ ეს ნაცებთან და ლელოსთან ვერ გამოვა.
ლელო რატომ მოვიდა ხელისუფლებაში? მე არ მიყვარს ბიზნესმენი პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილიც ბიზნესმენი იყო, მაგრამ ის მოვიდა იმიტომ, რომ ჩვენ გადავერჩინეთ, „ლელოს“ ლიდერი კი იმიტომ მოდის თავი გადაირჩინოს.
– კრიტიკული შენიშვნები რა საკითხზე გაქვთ „ქართულ ოცნებასთან“?
– კარგი იქნებოდა მეტი სამუშაო ადგილი, მაგრამ ამისთვის ვითარება უნდა შეიქმნას. არ მომეწონა რომ კულტურას 127 მილიონი ჩამოეჭრა. მაგრამ ეს შეცდომებია და გამოსწორდება, ნაცები კი დანაშაულებს ჩადიოდნენ.
სამაგიეროდ კულტურას კი მოაკლდა თანხები, მაგრამ რამდენი ფული ჩაიდო მეცნიერებაში..
ამის მაგალითია ქუთაისის უნივერსიტეტი, ამბობდნენ ბაყაყები ყიყინებენო, ბაყაყები კი არ ყიყინებენ, სექტემბრიდან გერმანელი პროფესორები წაიკითხავენ ლექციებს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ადამიანებს გაუჩნდათ ღირსების გრძნობა, იმის განცდა რომ ქუჩაში გასულ შვილს სახლში არ მოუსვენებენ და არ ეტყვიან მთავრობის სასახლის აფეთქება უნდოდა და იმიტომ მოგიკალითო.
ასევე მომწონს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მთავრობა გაძლევს სუბსიდირებებს, რათა გააკეთო საქმე.
ნუ მოითხოვ რომ ციდან ჩამოცვივდეს ფული. ეს არ არის კაპიტალისტური სამყარო.
– ერთ-ერთი მთავარი შეუსრულებელი დანაპირები რასაც ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, არის ასი ქარხანა…
– ასი ქარხანა კი არა, ასი საწარმო არის გახსნილი. ასი ქარხანა საქართველოში არ იმუშავებს, ჩვენ არ გვაქვს იმის მდგომარეობა რომ საქართველოში ასი ქარხანა გაკეთდეს. შესაძლოა დროთა განმავლობაში ესეც გაკეთდეს.
























